მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე განიხილავენ
მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დღეს იურიდიულ კომიტეტზე განიხილავს.
როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, კანონპროექტი ითვალისწინებს კანაფის მოხმარების აკრძალვას 21 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ასევე ყველა იმ პირის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, ვინც ამ კუთხით, 21 წლამდე პირების წახალისებას შეეცდება.
მისი თქმით, კანაფის მოხმარება აიკრძალება საჯარო სივრცეებში.
„ჩვენ ვარეგულირებთ უმკაცრესი რეგლამენტაციით იმას, რომ 21 წლამდე ადამიანმა არ მოიხმაროს მარიხუანა, ეს იყოს დასჯადი. ასევე 21 წლამდე ადამიანის ჩათრევა, ჩაყოლა, წახალისება მარიხუანას მოხმარებაში იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი, პროფესიების მიხედვით იყოს მკვეთრი შეზღუდვები. ეხება, როგორც საჯარო სამსახურს, მთელ რიგ პროფესიებს, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან.
ასევე საჯარო სივრცეებში მოხმარება იქნება პრაქტიკულად შეზღუდული ყველგან, გარდა საკუთარი ბინისა. აქაც ვიმეორებ, ლეგალიზებაზე არ არის საუბარი. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისედაც დასჯადია ფლობა, გავრცელება, გაყიდვა მარიხუანის. მოხმარება, როგორც გითხარით, ყველა ამ შემთხვევაში იქნება ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი და ბოლოს, მხოლოდდამხოლოდ საკუთარ ბინაში თუ მოიხმარს, არასრულწლოვანი არ უნდა ესწრებოდეს ამ მოხმარებას, იმიტომ რომ ეს ჩაითვლება არასრულწლოვნის წახალისებად.
სახელმწიფო ეუბნება, რომ მარიხუანა არის საზიანო თქვენი ჯანმრთელობისთვის, ისევე როგორც იმ პირების ჯანმრთელობის, რომლებიც თქვენ ირგვლივ არიან, ამიტომ არ მოიხმაროთ და თუ მოიხმართ, ამ მოხმარებით ზიანი არ უნდა მიაყენოთ თქვენ გარშემო მყოფებს. ეს არის ამ რეგულირების ძირითადი არსი“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პლენარულ სხდომაზე დეპუტატები კანონპროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილავენ.
პროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება, თამბაქოს მსგავსად, იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა.
ამასთან, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას.
21 წლამდე ასაკის პირის მიერ მარიხუანას მოხმარება 500 ლარიდან 1000 ლარამდე ჯარიმით დაისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 1000-დან 1500 ლარამდე განისაზღვრება.