კანაფისა და მარიხუანას მოხმარება იკრძალება ნებისმიერ შენობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებლისა
კანაფისა და მარიხუანას მოხმარება იკრძალება ნებისმიერ შენობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებლისა

მცენარე კანაფის ან მარიხუანას მოხმარება, თამბაქოს მსგავსად, იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა, – აღნიშნულ რეგულაციას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს.

ამასთან, პროექტის მიხედვით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას.

პროექტის მიხედვით, მარიხუანას ან კანაფის მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებლისა, ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი 1000-დან 1500 ლარამდე ოდენობით.

21 წლამდე ასაკის პირის მიერ მარიხუანას მოხმარება 500 ლარიდან 1000 ლარამდე ჯარიმით დაისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 1000-დან 1500 ლარამდე განისაზღვრება.

არასრულწლოვნის თანდასწრებით კანაფის ან მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა საგანმანათლებლო ან/და სააღმზრდელო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკის, ბავშვთა გასართობი ცენტრისა და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე 150 მეტრის რადიუსში, დაისჯება 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმით, განმეორების შემთხვევაში კი – 1500-დან 2000 ლარამდე ჯარიმით.

სამხედრო ნაწილში მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი სანქცია იქნება 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ჯარიმა.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი – 1000 ლარიდან 1500 ლარამდე.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტის ნოვაციას წარმოადგენს პასუხისმგებლობის დაწესება დაწესებულებისთვის, თუ ის არ მიიღებს შესაბამის ზომებს კანაფისა და მარიხუანას მოხმარების ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ზემოქმედების ქვეშ ყოფნისგამოვლენილი ფაქტის აღსაკვეთად. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული დაწესებულება დაჯარიმდება 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 2 000 ლარის ოდენობით.

„აღნიშნული რეგულაციის მიზანს წარმოადგენს, დაწესებულებამ არ დაუშვას მარიხუანას მოხმარება, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პირის მარიხუანას/კანაფის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, ხოლო აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ის იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც საქმიანობას ეწევა“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.