ნათია მეზვრიშვილი - გამოდის, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების შეზღუდვას
ნათია მეზვრიშვილი - გამოდის, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების შეზღუდვას

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილისთვის გაუგებარია, რატომ არ უჭერს მხარს ოპოზიცია მარიხუანას მოხმარების რეგულირებასთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტს.

„გასაკვირია, რატომ არ უჭერს მხარს ოპოზიცია ამ კანონპროექტს, რადგან კანონპროექტი მოხმარების საკითხებს არეგულირებს. გამოდის, ოპოზიცია არ უჭერს მხარს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შევზღუდოთ მარიხუანას მოხმარება, ასევე მარიხუანას ხელმისაწვდომობა შევზღუდოთ არასრულწლოვნებისთვის, პასუხისმგებლობა დავაკისროთ მოხმარებისთვის, ნარკოტიკების თრობის ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დავაწესოთ და მომხმარებლებს მთელი რიგი სამოქალაქო უფლებები შევუზღუდოთ. გაუგებარია, ამ კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე, რატომ არ უჭერს მას მხარს ოპოზიცია“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოს ორგანული კანონის პროექტებს:„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, მესამე მოსმენით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს მარიხუანას მოხმარების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით. ახლებურად ხდება მარიხუანას მოხმარებისთვის სანქციების დადგენა და შესაბამისი აკრძალვების დაწესება, თუ რა ვითარებაში და სად შეიძლება ჩაითვალოს მოხმარება პირად სივრცეში მოხმარებად და სად – არა.

დატოვე კომენტარი