საკონსტიტუციო სასამართლო - 30 ივლისის გადაწყვეტილება ბოლო წლებში მარიხუანის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების ლოგიკური გაგრძელებაა და კრიტიკა გაუგებარია
საკონსტიტუციო სასამართლო - 30 ივლისის გადაწყვეტილება ბოლო წლებში მარიხუანის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებების ლოგიკური გაგრძელებაა და კრიტიკა გაუგებარია

30 ივლისის გადაწყვეტილება წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო წლებში ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებებში მოცემული არგუმენტაციის ლოგიკურ გაგრძელებას და გაუგებარია, თუ რატომ გახდა იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ დაუსაბუთებელი კრიტიკის მიზეზი, – ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული.

საკონსტიტუციო სასამართლოში დანანებით აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს მედიასაშუალებების, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ განცხადებები არ შეიცავს არცერთ საფუძვლიან ფაქტობრივ გარემოებას და არასწორი დასკვნების გზით, ზიანს აყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტს.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოეხმაუროს ბოლო დროს მედიასაშუალებების, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის 1/3/1282 გადაწყვეტილების მიმართ, გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მოკლებულია საფუძველს და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოაჩენს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარედ, ამცირებს მისდამი ნდობას, ეჭვქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობას და იწვევს მისი თითოეული წევრის დისკრედიტაციას.

კერძოდ, მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო და მისი კონკრეტული წევრები 1/3/1282 გადაწყვეტილების მიღებისას დაექვემდებარნენ ზეწოლას. ამასთანავე, გავრცელებულ ინფორმაციაში აქცენტი კეთდება ფაქტზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მოახდინა ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის „ლეგალიზაცია“. აღნიშნული შეფასება შორს დგას სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსთან და წარმოადგენს მის არასწორ განმარტებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის მოხმარებისათვის, თუ მოხმარების კონკრეტული ფაქტი არ უქმნის საფრთხეებს მესამე პირებს. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაშივე აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიესალმება საზოგადოების წევრების აქტიურ დაინტერესებას სასამართლოს საქმიანობის მიმართ. მივიჩნევთ, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა სასამართლოს საქმიანობაში, სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ ინტერესი და კრიტიკა უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოში კონსტიტუციური კონტროლის განვითარებისა და ეფექტურობის გაზრდისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების სხვადასხვა პირთა წრის მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულება ბუნებრივი მოვლენაა, ვინაიდან მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს ისეთი მნიშვნელობის საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც საზოგადოებაში არ არის ერთგვაროვანი მიდგომა.

დასანანია, რომ ბოლო დროს მედიასაშუალებების, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ განცხადებები არ შეიცავს არცერთ საფუძვლიან ფაქტობრივ გარემოებას და არასწორი დასკვნების გზით, ზიანს აყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტს.

მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფასებისას მედიასაშუალებებისა და საზოგადოების წევრებმა დასკვნები დადასტურებულ, გადამოწმებულ ინფორმაციაზე დააფუძნონ. გადაუმოწმებელ, არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული მოსაზრებები, ასევე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განცხადებები შეიცავს სასამართლოს ავტორიტეტისა და სანდოობის დაზიანების რისკებს, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებასა და ადამიანის უფლებების ეფექტიან დაცვაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს საზოგადოების სხვადასხვა პირებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სასამართლოს საქმიანობის შეფასებას და გამოთქმული კრიტიკა დააფუძნონ დასაბუთებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლოს ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის საკითხზე არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომლებიც ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და არა სხვა გარემოებას. 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება კი წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო წლებში ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებებში მოცემული არგუმენტაციის ლოგიკურ გაგრძელებას და გაუგებარია, თუ რატომ გახდა იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ დაუსაბუთებელი კრიტიკის მიზეზი.

დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს ფართო კონსენსუსი საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტის მნიშვნელობაზე და მის განსაკუთრებულ როლზე განსხვავებული შეხედულებების დაცვის თვალსაზრისით. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებები საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთებას იწვევს. სასამართლო გამოხატავს უდიდეს პატივისცემას განსხვავებული მოსაზრების მქონე საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. შესაბამისად, სასამართლოს საქმიანობის ამოსავალი წერტილი კონსტიტუციური უფლებების დაცვაა და იგი ვერ დაუშვებს უფლებების დარღვევას საზოგადოებრივი პროტესტის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ გააგრძელებს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებების განუხრელ დაცვას“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

დატოვე კომენტარი