ივანე მაჭავარიანი - კანონპროექტი მარიხუანას მომხარებაზე სერიოზულ კონტროლს ამყარებს, რათა ბავშვები და არასრულწლოვნები მაქსიმალურად დაცული იყვნენ
ივანე მაჭავარიანი - კანონპროექტი მარიხუანას მომხარებაზე სერიოზულ კონტროლს ამყარებს, რათა ბავშვები და არასრულწლოვნები მაქსიმალურად დაცული იყვნენ

კანონპროექტი მარიხუანას მომხარებაზე სერიოზულ კონტროლს ამყარებს, რათა ბავშვები და არასრულწლოვნები მაქსიმალურად დაცული იყვნენ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს მოსაზრება, რომ შსს- მიერ მომზადებული კანონპროექტმა შესაძლოა, მარიხუანას მოხმარება წაახალისოს, მაგრამ როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ან გაუთვიცნობიერებელი ადამიანის შიშებია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანის პოზიცია.

„ჩემს ბავშვობაში, რომელიც, სამწუხაროდ, კომუნისტების პერიოდში იყო, იმ დროსაც კი არ იყო ძნელი მარიხუანას მოპოვება და პრაქტიკულად, ვისაც როცა უნდოდა, არ მახსოვს, რომ ეს ვერ ეშოვათ. ზუსტად ბოლო ინიციატივები, რაც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებული, სერიოზულ კონტროლს ამყარებს ამაზე, რათა ბავშვები და არასრულწლოვნები მაქსიმალურად დაცული იყვნენ.

ასევე მარიხუანას მოხმარებაზე შეზღუდვა იქნება მთელ რიგ ადგილებში, ასევე – სამუშაო მოვალეობის შესრულების დროს და სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს. ზუსტად ასეთი შეზღუდვები ჩემი ბავშვობიდან არ მახსოვს და რაც შეეხება სამედიცინო სფეროს გამოყენებას, როგორ შეიძლება აქ წახალისებაზე იყოს საუბარი, როდესაც ის არის მკაცრად რეგლამენტირებული, მკაცრად რეგულირებული. ზუსტად იქნება ცნობილი, ვინ არის ამის მომყვანი, სად მოიყვანს, რა რაოდენობით და როგორ მოხდება ამის ექსპორტზე გატანა. მთლიანად საბაჟო რეჟიმის ქვეშ მოექცევა სრულად მისი მოყვანაც, რეალიზაციაც და დასაწყობებაც“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მარიხუანას მოხმარების რეგულაციებთან დაკავშირებით კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინა, მთავრობის სხდომაზე უკვე განიხილეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტით მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, კანონპროექტის თანახმად, სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ მკაცრი კონტროლი განხორციელდება.