ნათია მეზვრიშვილი - გაჩნდა კითხვა, დაისჯება თუ არა ადამიანი, რომელმაც მარიხუანა 20 დღის წინ მოიხმარა და დღეს მართავს სატრანსპორტო საშუალებას, ამ კითხვაზე პასუხია არა
ნათია მეზვრიშვილი - გაჩნდა კითხვა, დაისჯება თუ არა ადამიანი, რომელმაც მარიხუანა 20 დღის წინ მოიხმარა და დღეს მართავს სატრანსპორტო საშუალებას, ამ კითხვაზე პასუხია არა

კანონპროექტის თანახმად, სანქციები იმ პირებზე გავრცელდება, რომლებიც სატრანსპორტო საშუალების მართვისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.

ამ საკითხზე პირველი არხი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილს ესაუბრა. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, გაჩნდა გარკვეული კითხვები, დაისჯება თუ არა ადამიანი, რომელმაც მარიხუანა 20 დღის წინ მოიხმარა და დღეს მართავს სატრანსპორტო საშუალებას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ამ კითხვაზე პასუხი არის არა.

„დაისჯებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, ანუ იმ მომენტში მართავენ სატრანსპორტო საშუალებას, როდესაც არიან ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ანალოგიური მდგომარეობაა სამსახურში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნასთან მიმართებითაც.

ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტით, ისჯება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას როგორც მოხმარების ფაქტი, ასევე ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი, რაც ასევე გულისხმობს კლინიკური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას.

საინტერესოა საკითხი, ზოგადად ვსჯით თუ არა ადამიანებს, მაგალითად, საჯარო მოხელეებს, რომლებმაც 20-30 დღის წინ მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება ან ზოგადად არიან ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები, აქ ჩვენ ჩავდეთ გარკვეული რეგულაციები, კერძოდ, ადმინისტრაციული წესით დაისჯებიან საჯარო მოხელეები, რომლებიც ზემოქმედების ქვეშ არიან სამსახურში ან სამსახურში მოიხმარენ.

ასევე ჩავდეთ იმის შესაძლებლობა, რომ საჯარო და კერძო სტრუქტურებმაც თვითონ მიიღონ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. მაგალითად, შსს-ში საკმაოდ მკაცრი რეგულაციებია. ადამიანები, რომლებიც არიან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურში არ მოიხმარენ, მათ მიმართ საკმაოდ მკაცრი დისციპლინური სანქციების გამოყენება ხდება და ჩვენს შემთხვევაში ეს არის პირდაპირ სამსახურიდან დათხოვნა, ანუ ეს არის თავად სამსახურების დისკრეცია, როგორი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს გამოიყენებენ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მარიხუანას მოხმარება ან ზემოქმედების ქვეშ ყოფნა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო განმეორებით ჩადენა 1 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით დაჯარიმებას.