პარტია „საქართველოსთვის“ - მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შემოგვიერთდეს
პარტია „საქართველოსთვის“ - მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მივმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შემოგვიერთდეს

მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ისინი მიმართავენ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეუერთდნენ პარტიას „საქართველოსთვის“ ევროკავშირისადმი მოწოდებას და გააერთიანონ ძალისხმევა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

ამასთან, მეზვრიშვილის თქმით, საქართველომ ევროპული ოჯახის წევრობისთვის ფასი არაერთხელ გადაიხადა.

„მოგმართავთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შემოგვიერთდით ამ მოწოდებაში. დავდგეთ ერთად, ვინაიდან ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის შენარჩუნების და ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის ერთადერთი გარანტიაა. ევროინტეგრაციაზე გადის ქვეყნის თავისუფალი მომავალი. დღეს გაჩენილი ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება დიდი ნაბიჯებით დაგვაშორებს მიზანს – ჩვენი ტრადიციებით გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამიტომ, მოგიწოდებთ – გავაერთიანოთ ძალისხმევა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. ხელისუფლების მხრიდან საპასუხო თავდასხმის მიუხედავად, კვლავ გამოვთქვამთ მზადყოფნას ვიმუშაოთ ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, ქვეყნის შიგნით. ამასთან, აქტიურად ვაგრძელებთ პროცესის ხელშეწყობას ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, როგორც პოლიტიკურ, ისე საპარლამენტოს, დღის წესრიგში დააბრუნოს ქვეყნის ევროინტეგრაცია და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა პროცესი, რომელიც რაიმე ფორმით დღის წესრიგიდან აქრობს ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელ უმთავრეს საკითხს.

შევახსენებთ ევროკავშირს, რომ საქართველომ ევროპული ოჯახის წევრობისთვის ფასი არაერთხელ გადაიხადა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დატოვე კომენტარი