ნათია მეზვრიშვილი - მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით რა ხდება, გვითხარით, რა გეგმა გაქვთ
ნათია მეზვრიშვილი - მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით რა ხდება, გვითხარით, რა გეგმა გაქვთ

ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით რა ხდება. გვითხარით, რა გეგმა გაქვთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის წევრებთან ერთად ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ქვეყნის მომავლის ბედი წყდება – წავიდეთ წინ თავისუფალ მსოფლიოსთან ერთად, თუ დავბრუნდეთ უკან – რუსულ საბჭოთა წარსულში. უახლესი ისტორიის ამ გადამწყვეტ მომენტში, ხელისუფლება ან დუმილს ირჩევს, ან ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს აფიქსირებს – ხან ამბობს, რომ საფრთხე არ არსებობს, ხან რუსული აგრესიის რისკ-ფაქტორებს გვიანონსებს. სამწუხაროდ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც მთავრობის მეთაურს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არ დაცდენია არც ერთი სიტყვა. გაურკვევლობის ასეთი მაღალი ხარისხი ტოვებს სივრცეს რადიკალური განცხადებებისა და ქმედებებისთვის, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. შესაბამისად, ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, დაელაპარაკეთ მოქალაქეებს და აუხსენით რა ხდება. გვითხარით, რა გეგმა გაქვთ:

1. ქვეყნის უსაფრთხოებასთან, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, დაკავშირებით; 2. მიგრაციის რეჟიმთან დაკავშირებით – რეგიონში ომის გამო, ვხედავთ, რომ გაზრდილია მიგრაცია. სად არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ვალდებულია მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო საფრთხეების შესახებ; 3. ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით – ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესების დაცვისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უკრაინასა და რუსეთში მცხოვრები და მომუშავე მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქისთვის; 4. სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით – რას უპირისპირებთ ფასების ზრდასა და კურსის გაუფასურებას? საქართველოს რესურსები სანქციების დაწესების თვალსაზრისით რომ შეზღუდულია, არ ვდავობთ, მაგრამ ხომ არ უნდა დავუშვათ, ვიმოქმედოთ თავისუფალი მსოფლიოს საპირისპიროდ და რუსეთის ინტერესებში; 5. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების პარალელურად, ხომ იცით, რომ ეს პროცესი აქ არ სრულდება?“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა წარმოადგინეს გეგმა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა გაატაროს ხელისფულებამ.

„არაერთხელ ვთქვით და ვიმეორებთ, ახლა არ არის დაპირისპირების დრო. სასწორზე ქვეყნის თავისუფალი მომავალია, რომლის ქვეყნისთვის და ხალხისთვის წართმევის უფლება არავის აქვს. შესაბამისად, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ: გააერთიანეთ საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი ეროვნული უსაფრთხოებისა და ევროინტეგრაციის ინტერესების ირგვლივ; დაიწყეთ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან დაკარგული ნდობის აღსადგენად და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხის მხარდასაჭერად; შეიმუშავეთ კონსენსუსზე დაფუძნებული ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს: საჯარო სამსახურის დეპოლიტიზება-მართლმსაჯულების სისტემის ყოვლისმომცველი და სიღრმისეულ რეფორმას, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, ბაზრის დივერსიფიკაციაზე და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების გეგმას, სოციალური დაცვის სისტემის რეფორმას, სახელმწიფო შესყიდვების რეფორმას, უსაფრთხოების სექტორის სისტემურ რეფორმას.

დაუყოვნებლივ დაიწყეთ რეფორმების იმპლემენტაცია. გარდამავალ პერიოდში მაინც, გადახედეთ სავიზო რეჟიმს რუსეთის ფედერაციასთან და როგორც მინიმუმ, ერთწლიანი უვიზო რეჟიმი შეამცირეთ 1-3 თვემდე. განახორციელეთ რუსეთსა და უკრაინაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ოჯახების მხარდაჭერა (მათ შორის – მათი საბანკო სესხების მომსახურების მიმართულებით), რომლებიც გზავნილებით იხდიან სესხს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.