დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი თეონა გვაზავა აცხადებს, რომ დაკავებული არ აღიარებს ბრალდებას.
მისი თქმით, ჩოლოიანს ბრალი ჯერ ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს.
„ბრალი ჯერ ოფიციალურად წარდგენილი არ არის, თუმცა მუხლი, რომლითაც დაკავებულია – ჩვენების იძულება, ამ ფაქტობრივ გარემოებას არ ვეთანხმებით. ბრალდებული არ აღიარებს ამ ბრალდებას, მუხლს, რომლითაც სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. დღის ბოლომდე საქმის მასალები გადმოგვეცემა და უფრო დეტალურად შემდეგ მოგახსენებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება დაკავებულის პოზიციას პოლიციის განყოფილებაში მომხდართან დაკავშირებით, ადვოკატის თქმით, მისი პოზიციაა, რომ რამე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია.
„რამე სახის კანონის დარღვევას, რამე სახის იძულებას ან კანონით გაუთვალისწინებელ ქმედებას არცერთი პოლიციელის, მათ შორის ბრალდებულის მხრიდან, ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ კანონდარღვევა და იძულება პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა.
განცხადებებზე, რომ მოზარდის მიმართ ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზემოქმედება ხულიგნობის აღიარების იძულების მიზნით, ადვოკატი ამბობს, რომ მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
მოზარდმა თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, დაკითხვის დროს მოზარდზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.
პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.