ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმეზე ერთი მოწმე დაიკითხა
ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმეზე ერთი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის საქმე განიხილა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა.

ადვოკატის თქმით, დღემდე დაკითხული მოწმეები მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობას ადასტურებს.

გაგი მოსიაშვილი ადვოკატი„ინფორმაცია, რომელიც დღევანდელ დღეს მიაწოდა ბრალდების ერთ-ერთმა მოწმემ, მხოლოდ დაცვის მხარეს გამოადგება, რათა დადასტურდეს კიდევ ერთხელ მარიანა ჩოლოიანის მიმართ დაუსაბუთებლად წარდგენილი ბრალი. დღემდე დაკითხული ყველა მოწმე და უკვე ძალიან ბევრი მოწმეა დაკითხული, არ საუბრობს მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობაზე. ყურადღებას გავამახვილებ იმ გარემოებაზე, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვკითხავთ ბრალდების მოწმეებს, ხოლო ბრალდების მოწმეების მიერ მიღწეული ინფორმაცია სწორი სამართლებრივი ანალიზის შედეგად არის მარიანა ჩოლოიანის გამართლების წინაპირობა. მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ მარიანა ჩოლოიანს რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ განუხორციელებია“, – განაცხადა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.

პროკურორის განცხადებით, დაკითხული მოწმე იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში და უშუალოდ შეესწრო შემთხვევას.

„დღეს ბრალდების მხარემ დაკითხა ერთი მოწმე. ეს მოწმე 2019 წლის 10 დეკემბერს, როდესაც არასრულწლოვან ლუკა სირაძეზე მარიანა ჩოლოიანის მხრიდან განხორციელებული იქნა ფსიქოლოგიური ზემოქმედება ჩვენების მიცემის მიზნით, პოლიციის განყოფილებაში სხვა სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ფარგლებში იმყოფებოდა. ეს არ გახლავთ მოწმე, რომელიც „მწვანე სკოლის“ მოხატვასთან დაკავშირებით იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. ის შეესწრო ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც ასახულია მარიანა ჩოლოიანის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადგენილებაში. ეს გახლავთ ნეიტრალური მოწმე, ის არ გახლავთ არც გამომძიებელი და არც დაზარალებულის მხარის წარმომადგენელი. მოწმემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების ფაქტს“, – განაცხადა პროკურორმა, ლევან ქუთათელაძემ.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად. 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.