მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესზე პოლიციის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები დაიკითხნენ
მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესზე პოლიციის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები დაიკითხნენ

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ჩვენების იძულების საქმეზე ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესზე პოლიციის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები დაკითხეს.

საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე რევაზ მამასახლისიც.

ის ლუკა სირაძესთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის იძულებას არ ადასტურებს.

მოწმე არ საუბრობს სხვა დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის დაზარალებული მხარის განცხადებებზე, რომ პოლიციის განყოფილებაში მოზარდს მასთანაც ჰქონდა კომუნიკაცია, რის შემდეგაც კაბინეტიდან აღელვებული გავიდა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, მოწმეებმა განაცხადეს, რომ ისინი მოზარდის გამოკითხვის პროცესს არ შესწრებიან.

ადვოკატები კი მიიჩნევენ, რომ დღეს დაკითხულმა ბრალდების მხარის მოწმეებმა მათი პოზიციის სასარგებლო ჩვენებები მისცეს.

თუმცა, მხარეების განცხადებით, არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს, ხოლო განყოფილების უფროსის მოადგილე რევაზ მამასახლისმა თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვა.

დატოვე კომენტარი