მარიანა ჩოლოიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი მოწმე დაკითხეს
მარიანა ჩოლოიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი მოწმე დაკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვან ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა. პროკურორის განცხადებით, მოწმე „მწვანე სკოლის“ დაცვის სამსახურის წარმომადგენელია, რომელიც პოლიციაში ლუკა სირაძის დაკითხვას შეესწრო და მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ზეწოლის ფაქტიც დაადასტურა.

„მოხდა ერთი მოწმის დაკითხვა, ეს გახლავთ „მწვანე სკოლის“ უსაფრთხოების თანამშრომელი, რომელმაც გამოძიებას მისცა ინფორმაცია იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა არასრულწლოვან ლუკა სირაძის მიმართ 2019 წლის 10 დეკემბერს. მან დაადასტურა, რომ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა ჩვენების მიცემის მიზნით ზემოქმედებას არასრულწლოვან ლუკა სირაძის მიმართ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი იმ პერიოდში, როდესაც არასრულწლოვანი ლუკა სირაძე იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანთან, ასევე ესწრებოდა პროცესს გარკვეული დროის განმავლობაში. აღნიშნულ დაკითხვაზე იმყოფებოდა პოლიციის იმავე განყოფილებაში არასრულწლოვანთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. შესაბამისად, ის არის ფაქტის უშუალო შემსწრე, მან პირდაპირ დაასახელა და აღნიშნა, რომ ბრალდებულის მიერ ადგილი ჰქონდა მოწმეზე ზემოქმედებას. ნახსენები იყო ასევე არასრულწლოვნის ძმა – ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი ლუკა სირაძე არ აღიარებდა დანაშაულს, მის ძმას, რომელიც სწავლობდა გორის სამხედრო აკადემიაში, პრობლემები შეექმნებოდა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის გამოკითხვის ოქმებში, ასევე სასამართლოში“, – აცხადებს პროკურორი ლევან ქუთათელაძე.

დაცვის მხარის თქმით, მოწმეს, რომელიც დაკითხვის მომენტს შეესწრო, ზეწოლის ფაქტზე არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ მარიანა ჩოლოიანმა ლუკა სირაძეს მხოლოდ განუმარტა, რომ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, უწყება მეტად ჰუმანურ გადაწყვეტილებას მიიღებდა მის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, პრობლემები შექმნოდა.

„მოწმის ჩვენებით გავიგეთ ის, რომ შეესწრო ფაქტობრივ გარემოებას, როდესაც საგამოძიებო ორგანოში გამომძიებელმა ლუკა სირაძესა და მის ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ აღიარებდა დანაშაულს, მაშინ შეიძლებოდა, პრობლემა არაფერი ყოფილიყო; თუ არ აღიარებდა, ამ შემთხვევაში, გარკვეული სახის პრობლემები შეიძლებოდა, შექმნოდა. ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში განუმარტავენ პირს, თუ აღიარებს კონკრეტულ ქმედებას, ეს არის შემამსუბუქებელი გარემოება თუ არ აღიარებს, ეს არის დამამძიმებელი გარემოება. მოწმის შეფასებით, სწორედ ამგვარი სახის უფლებების განმარტებაზე იყო საუბარი საგამოძიებო უწყებაში. ეს მისი აღქმით არ არის მუქარა, არც ძალადობა, ეს არის კონკრეტული ფაქტის კონსტატაცია. მისი, როგორც ობიექტური პირის ჩვენება იძლევა საფუძველს, რომ არანაირი სახის ძალადობა, არანაირი სახის მუქარა, ზეწოლა ჩვენების მიცემისთვის კონკრეტულად პირის მოწმით დაკითხვის შემთხვევაში არ ყოფილა მარიანა ჩოლოიანის მიერ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მარიანა ჩოლოიანის მიმართ ბრალი დაუსაბუთებლად არის წარდგენილი“, – აცხადებს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად. 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.