საია-ში მიიჩნევენ, რომ მარიანა ჩოლოიანის ე.წ. უდოს მექანიზმით გათავისუფლება უსამართლობის განცდას აჩენს
საია-ში მიიჩნევენ, რომ მარიანა ჩოლოიანის ე.წ. უდოს მექანიზმით გათავისუფლება უსამართლობის განცდას აჩენს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მარიანა ჩოლოიანის საპატიმროდან გათავისუფლებას ეხმაურება. როგორც საიაში აცხადებენ, უსამართლობის განცდას აჩენს და სამართლიან კრიტიკას იწვევს მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენებით.

„ლუკა სირაძის ოჯახისათვის და საიასათვის მძიმე მოულოდნელობაა დღეს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მარიანა ჩოლოიანის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. იმ პირობებში, როდესაც პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენება საქართველოში როგორც წესი, დაუსაბუთებლად, ინდივიდუალური გარემოებების მხედველობაში მიუღებლად, გაჭიანურებულად მიმდინარეობს, უსამართლობის განცდას აჩენს და სამართლიან კრიტიკას იწვევს მარიანა ჩოლოიანის სწორედ ამ მექანიზმის გამოყენებით სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ლუკა სირაძე 2019 წლის დეკემბერში, პოლიციის განყოფილებაში „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვა, რომელსაც მარიანა ჩოლოიანი წარმართავდა, თუმცა, მასში სხვა პოლიციელებიც მონაწილეობდნენ, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ჩატარდა. გამოკითხვის შემდგომ,  მან თვითმკვლელობა სცადა და მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

საია იცავს გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, რომლის ფარგლებში გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის მიმართ 2020 წლის 07 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მას პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩვენების მიცემის იძულებისათვის 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, საქმე გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში და არსებობს სასჯელის დამძიმების შესაძლებლობა. მორიგი სხდომა სასამართლოში 9 აგვისტოს არის დანიშნული. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო ნაწილში კვლავ გრძელდება გამოძიება სხვა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ასევე, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გულისხმობს პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას.

იმ პირობებში, როდესაც ლუკა სირაძის საქმეზე ჯერ კიდევ არსებობს არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ოჯახი ელოდება საქმის სრულყოფილ, სამართლიან გამოძიებას, მსჯავრდებული გამომძიებლის გათავისუფლება პროცესების მიმართ უნდობლობას იწვევს. მოვლენების ამგვარი განვითარება აჩენს განცდას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შემწყნარებელნი არიან სამართალდამცავთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის მიმართ, რომელსაც უდიდესი ტრაგედია მოჰყვა.

საია ოჯახის სახელით დღესვე მიმართავს შესაბამის უწყებებს და მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამოითხოვს სრულ დოკუმენტაციას, რომლის გაცნობის შემდეგ საზოგადოებას დეტალურ შეფასებას გააცნობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებისთვის მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან დღეს გათავისუფლდა.