მარიამ კუბლაშვილი - ხელი მოვაწერე გაუთქმელობის დოკუმენტს, რომ არცერთი მტკიცებულება მესამე პირს არ გადაეცემა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელი მოვაწერე გაუთქმელობას, რომ არცერთი მტკიცებულება, არცერთი დოკუმენტი და ვიდეოფაილი არ იქნება გასაჯაროებული და გადაცემული მესამე პირზე, ასევე წინასასამართლო სხდომის თარიღის ვადა გავაგრძელეთ, – ამის შესახებ ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, სადაც კუბლაშვილი თავის დაცვის ქვეშ მყოფ რუსლან ალდამოვს შეხვდება, რომელიც პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დააკავეს.
როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრების ავთენტურობა დადასტურებული არ არის, ამიტომ ამ საქმეზე წინასწარ შეფასებების გაკეთება, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა.
„გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, აგრეთვე არცერთ მტკიცებულებას არ აქვს მტკიცებულების ძალა, ხდება ამ კადრებთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება, რაც არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იცნობდეს ნებისმიერ ადამიანს, სეირნობდეს მასთან, სვამდეს ჩაის, ყიდულობდეს სხვადასხვა ნივთს და ასე შემდეგ.
აქ ჩვენ დანაშაულის ნიშნები არ გვაქვს და ეს კადრები დანაშაულის შინაარსზე არაფერს არ გვეუბნება, ეს არის ნაცნობობა, რაზეც მე წინასწარ მქონდა ჩემი ვერსიები გაკეთებული. ყველა მტკიცებულება რომელიც დევს არის მოსაზრება, ეს ნაცნობობა არაფერს ნიშნავს, თუ არ იქნება დაზუსტებული მათი გეგმები“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
ადვოკატი აპირებს, რუსლან ალდამოვს წარუდგინოს ფოტომასალა ერთ-ერთ იმ პირზე, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დააკავეს.
სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში ადვოკატმა ირაკლი ბენიამ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილიც მოინახულა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, თავის დაცვის ქვეშ მყოფს სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალაზე ესაუბრა, თუმცა ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
ირაკლი ბენია ამბობს, რომ შესაძლოა, ზურაბ გორნაკაშვილი თურქეთში წასულიყო, თუმცა ეს მის პირად მიზნებს უკავშირდებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ინფორმაცია და ვიდეომასალა 4 იანვარს გაავრცელა.