მარიამ კუბლაშვილი - მზად ვართ პრემიერთან შეხვედრისთვის, რომ დავრწმუნდეთ, იქნება თუ არა ეს ოფიციალური უარი და დაგვიკეტავენ თუ არა კარს
კანცელარიაში მოვედით შეხვედრისთვის. უნდა დავრწმუნდეთ და მივიღოთ განმარტება, რატომ არ მიიღებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კონკრეტულად ზაზა სარალიძეს შეხვდებიან.
„განცხადება იყო ოფიციალურად გამოქვეყნებული, სადაც ეწერა, რომ მათ ექნებათ კონკრეტულად ზაზა სარალიძესთან შეხვედრა. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილზე არ არის საუბარი. ეს ფაქტია. ჩვენ მოვედით, რადგან ადამიანმა ძალიან შეურაცხყოფილად, დაჩაგრულად და დისკრიმინირებულად იგრძნო თავი. მე გამოვყვევი მას, მოვუწოდე სიმშვიდისკენ და ველოდებით მოვლენების განვითარებას. მე მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს ვიცავ. ამ ადამიანს დაუკავშირდნენ, გადასცა კიდეც ბატონმა ზაზამ მალხაზს, რომ შეხვედრა იქნება მხოლოდ ბატონ ზაზა სარალიძესთან. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მე ვიყო დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე. ეს იყო ჩვენი სურვილი. ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ეს ადამიანი არ იქნებოდა დღევანდელ შეხვედრაზე. პირადი მოწვევა მას არ მიუღია. მაინც მოვუწოდე მალხაზს, რომ წინასწარი ემოციებისგან თავი შეიკავოს. დავრწმუნდეთ, მოვედით და მზად ვართ შეხვედრისთვის. აქ ვართ, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, იქნება თუ არა ეს ოფიციალური უარი და დაგვიკეტავენ თუ არა კარს“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
როგორც დღეს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განაცხადეს, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.