მარიამ ხაჭვანის "დინოლა" კაიროში, კამის საერთაშორისო ფილმების მთავარ კონკურსშია მიწვეული
მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი დრამა მსოფლიოს კინოფესტივალებზე მოგზაურობას განაგრძობს. ამჯერად ფილმი კაიროში, კამის საერთაშორისო ფილმების ფესტივალში, მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს.
„დინოლა“ ახალგაზრდა რეჟისორმა 2013 წელს გადაიღო. ფილმმა მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სესილი – 2014“, უფსალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჯილდო, ხმელთაშუაზღვის არეალის ქალთა მოკლემეტრაჟიანი ფილმები მარსელის ფესტივალის ჯილდო, სომხეთის ყოველწლიური კინო-ფესტივალის „ოქროს გარგრის“ საერთაშორისო პრემია და სხვა.
ფილმის სცენარი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, რომელიც შეეხო რეჟისორის ოჯახს. მოკლემეტრაჟიანი სურათი მოგვითხრობს, სავარაუდოდ ამჟამად უკვე მივიწყებულ, სვანურ ტრადიციას, რომლის თანახმად ქვრივი ხშირად იძულებული იყო მიეტოვებინა შვილები და სხვა მამაკაცს გაჰყოლოდა ცოლად.
„ეს არის ალბათ იშვიათი ან პირველი შემთხვევა, როდესაც ფილმს ხუთი წლის საფესტივალო მოგზაურობის შემდეგ, ისევ მთავარ კონკურსში იწვევენ. წესით, ფესტივალებზე ფილმის მონაწილეობის ყველაზე მაქსიმუმი ორი, სამი წელია. „დინოლამ“ მეოცე პრიზი ამ წლის მაისში აიღო“, – აღნიშნა ფილმის რეჟისორმა, მარიამ ხაჭვანმა.
ფესტივალი კაიროში დღეს, 20 დეკემბერს დაიხურება.