მამუკა ტუსკაძის განცხადებას ტენდერის შეწყვეტაზე, თავდაცვის სამინისტრო პასუხობს
შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს ყოფილი წევრის მამუკა ტუსკაძის განცხადებას, ჯარისკაცების ფეხსაცმელების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტაზე, თავდაცვის სამინისტრო პასუხობს. უწყებაში განმარტავენ, რომ 44 ათასი ფეხსაცმლის შესყიდვაზე ტენდერი 2017 წლის აგვისტოში გამოცხადდა. ეს პროცესი გაიწელა დეკემბრამდე, ვინაიდან ტენდერი ამ პროცესში მონაწილე კომპანიებმა ხუთჯერ გაასაჩივრეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი ამბობს, რომ კომპანიების მხრიდან ერთმანეთის დოკუმენტაციის გასაჩივრებაში პროცესი გაიწელა.
,,ტენდერში მონაწილე პრეტედენტები ძირითადად ერთმანეთის დოკუმენტაციას ასაჩივრებდნენ, თარგმანს და ასე შემდეგ. გასაჩივრებების ხანგრძლივმა პროცესმა გამოიწვია ის, რომ პროცესში ჩვენ გადავედით მეოთხე პრეტენდენტზე. ეს გაიწელა აგვისტოდან დეკემბრამდე. დავდექით იმის საშიშროების წინაშე, რომ ჯარი დარჩენილიყო ფეხსაცმელების გარეშე. შესაბამისად, კანონმდებლობის ნორმების დაცვით, პირველი საჭიროებიდან გამომდინარე, გადაუდებელი შესყიდვით განხორციელდება 44 ათასი მაღალყელიანი ფეხსაცმლის ნახევრის, 22 ათასის შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკებით, ხოლო შემდგომში 2018 წელს ეს ტენდერი გაგრძელდება და დანარჩენი პროდუქტის შესყიდვა მოხდება კანონმდებლობით დადგენილი სატენდერო პროცედურებით’’, – განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.
დავების საბჭოს ყოფილი წევრის მამუკა ტუსკაძის განცხადებით, ზოგადად სახელმწიფო შესყიდვების ინსტიტუციებში პრობლემებია, განსაკუთრებით კი დავების საბჭოში.