მამუკა სალუქვაძე - ქალაქის გენგეგმის შედგენისას არავის კერძო საკუთრებას არ ვეხებით
როგორც ჩანს, იმის პრობლემა დგას, რომ თბილისის მერიამ ვერ გაიგო, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა რა არის, თორემ პატარა ფართობის ტერიტორიები, შენობები ამ გეგმაზე არ დაიტანება, – განაცხადა „სითი ინსტიტუტის“ გენერალურმა დირექტორმა და გენერალური გეგმის ერთ–ერთმა ავტორმა მამუკა სალუქვაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ეს ძალიან ცუდია. ამიტომ უნდა დასწრებოდნენ ისინი ჩვენი უცხოელი პარტნიორების პრეზენტაციას, რომელიც ორი დღის წინ გაიმართა. ეს ადამიანები სპეციალურად, მათი თხოვნით ჩამოვიყვანეთ, მაგრამ არ მობრძანდნენ და პრეზენტაცია არ მოისმინეს, სადაც ფრანკფურტის, კელნის, მარსელისა და სტრასბურგის დამგეგმარებლები ეტყოდნენ, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა რა არის. მე თუ არ მიჯერებენ, იმათი მაინც დაეჯერებინათ“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
მისი თქმით, ილია ელოშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ კერძო საკუთრება ხელშეუვალია და ისინი მას არ შეეხებიან, ძალიან ცუდი განცხადებაა და მათ სივრცითი მოწყობის შესახებ კანონი უნდა წაიკითხონ, სადაც წერია, რომ გარკვეულ არეალებში, სადაც საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს, ან ლანდშაფტურ ტერიტორიებს ექმნება, პრივილეგირებული საჯარო ინტერესებია და არა კერძო ინტერესები.
არავის კერძო საკუთრებას ჩვენ არ ვეხებით. ასეთი არც ფუნქცია გვაქვს და არც ამოცანა. ჩვენ უბრალოდ, ვამბობთ, რომ არის უამრავი ტერიტორია, სადაც ნაკვეთები არასწორადაა გაცემული. ტერიტორიები, სადაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, არის მდინარის ხეობები, ხევები, ქალაქის განაშენიანებული ნაწილის გარეთ შინდისი, წავკისი, მთაწმინდის ფერდი და ა.შ.“, – განაცხადა სალუქვაძემ.
მისი თქმით, როცა მერიაში გენგეგმას არ იღებენ და ქალაქის გეგმაზომიერი განვითარების გეგმა არ აქვთ, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც ყველა შემთხვევაში წამგებიანი და არასწორი იქნება.
„არ შეიძლება, ქალაქი ცალკეული პროექტებით ვმართოთ. ეს სტრატეგია უნდა იყოს. ჩვენ ქალაქისთვის აუცილებელი სამი ძირითადი მიმართულება განვსაზღვრეთ – კვლევების საფუძველზე ვამტკიცებთ, ქალაქი კომპაქტური რატომ უნდა იყოს და ურბანული ცოცვა რატომ არ უნდა მოხდეს. ყველგან არ უნდა გადავწვდეთ, სადაც თვალი მიგვიწვდება და ნებართვები არ უნდა გავცეთ.
ჩვენ მიერ წარმოდგენილ გეგმაში მწვანე ქალაქის, მდინარეების გახსნის, გამწვანებული ახალი საპარკო ტერიტორიების, მდინარის და ქალაქის ერთმანეთთან თანაცხოვრების, ლანდშაფტების შენარჩუნების და სხვა უამრავი საკითხია განხილული და თუ ადამიანს ეს დოკუმენტი წაკითხული აქვს, რაც იქ წერია, ძალიან კარგად ამოხსნის“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.