მამუკა მდინარაძე გიორგი მარგველაშვილს - თქვენ შეიწყალეთ ოჯახის წევრი, რომელსაც 17-დან მხოლოდ სამი წელი მოახდევინეთ
მამუკა მდინარაძე გიორგი მარგველაშვილს - თქვენ შეიწყალეთ ოჯახის წევრი, რომელსაც 17-დან მხოლოდ სამი წელი მოახდევინეთ

მსჯავრდებულთა შეწყალება კონვეირული სისტემით ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საკანონდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლიდან, ბევრმა ადამიანმა ალბათ, ვერც კი გაიგო მთავარი აქცენტები, ვერ მიხვდა რაზე იყო საუბარი, სწორება და რა იყო ის ძირითადი მიმართულებები, რომელზეც პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებდა.

„თქვენ გქონდათ საათი და მეტი დრო, რომ ამ რანგში მოღვაწეობის ბოლო წელს, ბოლო გამოსვლის პირობებში, თქვენი ანგარიში ჩაგებარებინათ საზოგადოებისათვის, თუმცა ეს შანსი არ გამოიყენეთ, ისევე როგორც სხვა შანსები, რაზეც შემდეგ მოგახსენებთ. ნამდვილად ვერ გავიგე მთავარი აქცენტები და ამის შესახებ უფრო ნათელი გახდა მაგალითად, გიორგი აბაშიშვილის სატელევიზიო ინტერვიუდან, საიდანაც ვიგებთ, რომ აქცენტი გაგიკეთებიათ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე. თქვენს გამოსვლაში მაინცდამაინც ეს პათოსი არ ჩანდა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი, მაგალითად პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით.

„რატომ ხდება, რომ კონვეირული სისტემით, ყოველგვარი რეალური ანალიზის გარეშე ხდება პირთა შეწყალებები, რომელთაგანაც დაახლოებით 70-80 პროცენტზე მეტი მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში და 9-10 ათასი პატიმრიდან, 3 600-ზე მეტი შეიწყალეთ თქვენი საპრეზიდენტო ვადის პირობებში“, – მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტს.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა ადამიანი, რომლის საქმის განხილვა სამივე ინსტანციის სასამართლოში დასრულებული არ იყო, ასევე შეიწყალა ოჯახის წევრი.

„თქვენ შეიწყალეთ ოჯახის წევრი, რომელსაც 17 წლიდან მოახდევინეთ მხოლოდ სამი წელი და ეს მოხდა შესაბამისი კომისიის გვერდის ავლით. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად, დამოუკიდებელი ესტონეთის ყველა პრეზიდენტმა ერთად აღებული, ათჯერ ნაკლები მსჯავრდებული შეიწყალა, ვიდრე მხოლოდ 2017 წელს თქვენ ეს გააკეთეთ, ამ წელს 831 მსჯავრდებულზეა საუბარი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, უკანასკნელ წლებში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ  შეწყალებულია  55 მსხვილი ნარკორეალიზატორი, შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 575-მა ხელმეორედ ჩაიდინა 672 სხვადასხვა სახის დანაშაული, რომელთაგან 189 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა იყო, აქედან 40 – ძალადობის და ოჯახური ძალადობის შემთხვევა.

„ამ ფონზე კიდევ უფრო დასანანია თქვენი თავის მართლება, პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა და არგუმენტი, თითქოს, სასტიკი მკვლელების შეწყალების მიზეზი მათი დადებითი დახასიათება იყო. აღარაფერს ვამბობ თქვენს მცდელობაზე, საზარელ დანაშაულთან დაკავშირებით მსხვერპლისთვის გადაგებრალებინათ, გარკვეული პასუხისმგებლობა იქით აგეკიდებინათ. რეალურად ფაქტები მეტყველებენ საპირისპიროს და ამ ყველაფერს აწერდით გარკვეულ დახასიათებას“, – განაცხადა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ  რეალურად, ბოლო წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა 21 ისეთი დამნაშავე შეიწყალა, რომელთაგან ყველა მათგანს ცალსახად უარყოფითი დახასიათება ჰქონდა.

მდინარაძემ თავის გამოსვლაში, ე.წ გირგვლიანის შესწორებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომეს პროცესი მიმდინარეობს და ის უდაოდ პოზიტიურია.

მისი განცხადებით, მარგველაშვილის და  გირგვლიანის საქმეში მსჯავრდებული, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლოგიკა აბსოლუტურად ერთი-ერთში ემთხვევა.

„წარმოუდგენელი ამბავი იყო, როდესაც სცადეთ ამ საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილის გამართლება და მას პოლიტიკური ნიშნით დევნილი უწოდეთ. უფრო მეტიც, თქვენი წინამორბედისგან 9 მილიონამდე თანხის დანაშაულებრივ ხარჯვას მისივე მესიჯბოქსის კვალდაკვალ, უწოდეთ „პიჯაკების საქმე“, – აღნიშნა მდინარაძემ პრეზიდენტის მისამართით.

მისი თქმით, ამ ფონზე პარლამენტმა წარადგინა „გირგვლიანის შესწორებები“, რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებს პრევენციას, რომ საქართველოში ვერც ერთმა პოლიტიკური თანამდებობის პირმა ვეღარ შეძლოს თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაულებრივი ბრძანების გაცემა, ან დავალების გაცემა, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.

„ამასთან დაკავშირებით, თქვენ სცადეთ აქცენტი გადაგეტანათ სხვა მიმართულებით და ყურადღება პერსონალიებზე გაგემახვილებინათ. საუბრობდით წმენდაზე, მოშორებაზე კონკრეტული პირების და არა უშუალოდ შესწორებებზე, ინსტიტუტების გაძლიერებასა და განმტკიცებაზე“, – მიმართა პრეზიდენტს მამუკა მდინარაძემ.