ეკა ბესელია - ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება სახეზეა
ეკა ბესელია - ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება სახეზეა

ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება უკვე სახეზეა, ეს არის ღია კონფლიქტი მმართველ პარტიასა და პრეზიდენტს შორის, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის დღევანდელ კომენტართან დაკავშირებით.

ეკა ბესელიას შეფასებით, ღია კონფლიქტი რომ არ არსებობდეს, ასეთი ღია გალაშქრება პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიმართ არ მოხდებოდა.

„თან ეს არ ხდება ხოლმე ინდივიდუალურ რეჟიმში, ხდება მაშინ, როდესაც პოზიციები შეთანხმებულია. რაც შეეხება ამ პროცესის მეორე ნაწილს, ხალხთან ანგარიშვალდებულება განსაკუთრებით თანამდებობის პირებს აკისრიათ, მით უფრო პრეზიდენტს, რადგან არ არსებობს რამე ტიპის უფლება, რომლის გამოყენება შეუძლია რომელიმე თანამდებობის პირს და იქვე არ ჰქონდეს ვალდებულება, ახსნას რატომ გამოიყენა ესა თუ ის უფლება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ

ამასთან, დეპუტატი იზიარებს მოსაზრებას, რომ პრეზიდენტმა უნდა აუხსნას ხალხს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტების კითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ პრეზიდენტი უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ასე უპასუხა: „მე არ გახლავართ პრეზიდენტი. რომ  ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას“.