ალექსანდრე რაქვიაშვილი - პრეზიდენტს სრულად ვეთანხმები, სწორი აქცენტები იყო გაკეთებული, ფაქტობრივად, გაიმეორა ყველა ის ძირითადი გზავნილი, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ
ალექსანდრე რაქვიაშვილი - პრეზიდენტს სრულად ვეთანხმები, სწორი აქცენტები იყო გაკეთებული, ფაქტობრივად, გაიმეორა ყველა ის ძირითადი გზავნილი, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ

„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებისას სწორი აქცენტები გააკეთა.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის გზავნილები დროული იყო.

„პრეზიდენტს სრულიად ვეთანხმები, ძალიან სწორი აქცენტები იყო გაკეთებული და ძალიან რთული იყო, გაგვეკრიტიკებინა. ფაქტობრივად, გაიმეორა ყველა ის ძირითადი გზავნილი, რასაც ჩვენ დიდი ხანია, ვლაპარაკობთ. ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში შეუძლებელია, ჩვენ უფრო წინ დავაყენოთ  ვიწროპარტიული ინტერესები, ვიდრე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხიება, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ევროპასთან ინტეგრაცია. ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს რუსეთის აგენტს და პრორუსულ ძალას უწოდებენ, თან, წარმოუდგენიათ, რომ ჩვენს ქვეყანას სერიოზულად აღიქვამენ ამ გარემოში ევროპაში. არადა, ეს ძალიან შემაფერხებელი ამბავია და თუ არ დასრულდება, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებაში“ ეს ჩხუბი საბოლოო ჯამში ყველას დაგვაზიანებს. ჩვენ შეიძლება, დავკარგოთ ევროინტეგრაციის ის შანსი, რაც უკრაინელი ხალხის გმირობის ხარჯზე გაჩნდა. ამ პროცესში და ამ პრობლემაში ოპოზიციაც და „ქართული ოცნებაც“ დამნაშავეა. ნებისმიერ შემთხვევაში პრეზიდენტის გზავნილი სწორი და დროული იყო“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ მან 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაზე, რაქვიაშვილის თქმით, მთავრობის პოზიცია იყო ცუდი და მოქალაქეების უმრავლესობის სურვილთან შეუსაბამო.

ამავდროულად, რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ ამ საკითხს რაიმე გაგრძელება არ ექნება.

„ყველას გაგვიკვირდა ეს რომ გავიგეთ, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ სინამდვილეში რამე მოხდება, იმპიჩმენტზე იყოს საუბარი ან რაღაც ამდაგვარი. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებაში“ ყველამ იცოდა, რომ ასეთი თანხმობა მთავრობისგან არ იყო. მეორე მხრივ, ვიზიტი რომ შედგა, ყველამ დავინახეთ. ამ ვიზიტით პრეზიდენტი დაეხმარა, მათ შორის „ქართულ ოცნებას“. მთავრობის პოზიცია იყო ძალიან ცუდი და შეუსაბამო ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის სურვილთან. პირიქით, „ქართულმა ოცნებამ“ ახლა მადლობა უნდა უთხრას პრეზიდენტს, რომ ასეთი ვიზიტები ჰქონდა და ბევრ შემთხვევაში ჩვენი პროდასავლური პოზიცია დააფიქსირა. შეიძლება, უცნაური დეტალი გავიგეთ, მათ შორის „ქართულ ოცნებაში“ შიდა პოლიტიკური პროცესების, მაგრამ არ მგონია, ამას რამე გაგრძელება მოჰყვეს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.