დიმიტრი გაბუნია - პრეზიდენტს ვუთხარი, რომ შეწყალებულ პატიმართა სია არის მიუღებელი
დიმიტრი გაბუნია - პრეზიდენტს ვუთხარი, რომ შეწყალებულ პატიმართა სია არის მიუღებელი

საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი და შემდეგ, ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ეს დაგეგმა, სარჩელით უმკაცრესად, კანონის სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ცილისწამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ პრეზიდენტის მიერ რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მიესალმება გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას და აცხადებს, რომ აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„კატეგორიულად მიუღებელია თითის გაშვერა საპარლამენტო მდივნისკენ. ამისთვის ადმინისტრაციაში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, ეს არის შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც ჩემი ინფორმაციით, თვეების განმავლობაში, დაკავებული იყო სიის შედგენით. ჩემი საქმიანი რეპუტაცია 20 წლის განმავლობაში იყო ადვოკატი, მე ყოველთვის მედიასთან და საზოგადოებასთან ერთად ვიყავი და ძალიან მძიმეა ჩემთვის, როდესაც ეს სიაც კი არ ვიცი, სახელებს ვიგებ მედიიდან. მეც მაინტერესებს, საზოგადოებასთან ერთად, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ დაუდო ეს სია პრეზიდენტს და რატომ მოხდა ეს. მე თათბირზე პრეზიდენტსაც ვუთხარი, რომ ეს სია არის მიუღებელი. პრეზიდენტმა მიპასუხა, რომ ეს მისი დისკრეციული უფლებაა და მე ამაზე პასუხი ვერ მივიღე“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

კითხვაზე, არის თუ არა შეწყალების საკითხზე პასუხისმგებელი ანგი ხუციშვილი, დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ აპირებს საუბარს და კანონის დარღვევას.

„სულმოუთქმელად ველოდები შალვა თადუმაძის უწყებაში მისვლას, რათა ყველაფერი ღიად ვთქვა. ვის დასჭირდა ჩემი სახელისა და გვარის გათხვრა, ეს უკვე მე მაინტერესებს. იურისტთა ჯგუფი, ადვოკატთა ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს, ჩემი მოთხოვნით, დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებაც ამასთან დაკავშირებით. მე ამ საკითხს ასე არ დავტოვებ. ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჩემთვის. ასეთი ტერორი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი სამეგობრო არიან განადგურებული. ასე არ შეიძლება თითის დადება, ვის ინტერესში იყო ჩემი სახელისა და გვარის დასახელება, არ არის გამორიცხული პროკურატურას მივმართო, რომ გამოიძიოს. ეს ყველაფერი რომ მორჩება და დასრულდება, დარწმუნებული ვარ, ღმერთისა და ადამიანების წინაშე ვარ ცამდე მართალი, საზოგადოება რომ არის შეცდომაში შეყვანილი, აი მერე, ყველა იმ ადამიანისგან, ვინც ეს დაგეგმა, ვინც ეს გააჟღერა, სარჩელით, უმკაცრესად, კანონის სრული პასუხისმგებლობით მოვითხოვ ცილისწამებისთვის და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის პასუხისგებას. რას გავაკეთებ, თქვენთვის ღია იქნება, მედიისთვის. მე შეიძლება ბევრი ეჭვი მქონდეს, მაგრამ ვიდრე არ დავიკითხები, ვერ გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა გაბუნიამ.