მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე საქალაქო სასამართლოში საქმის გამომძიებელი იკითხება 
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე საქალაქო სასამართლოში საქმის გამომძიებელი იკითხება 

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის სასამართლო სხდომაზე საქმის გამომძიებელი ირაკლი ცანავა იკითხება. გამომძიებელმა იმ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრა, რაც საქმის განმავლობაში ჩაატარა.

მისი თქმით, სწორედ მან დაგეგმა მოწმეთა დაკითხვა და ეჭვქვეშ დააყენა „თიბისი ბანკის“ გარკვეული ტრანზაქციები.

„ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით, საქმე დამეწერა მე. სტანდარტულად როგორც ხდება, ჩვენ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე, სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველო ვართ. ჩვენთან შემოდის ისეთი ინფორმაციები, რაც შესაძლოა, იყოს საეჭვო ტრანზაქციები. მე გავეცანი საქმეს, რეზიუმეს და ყველა ინფორმაციას. მას შემდეგ, რაც შევისწავლე ტრანზაქციები, ასევე მათი განხორციელების პერიოდი, შეიცავდა თუ არა დანაშაულს და ხანდაზმული ხომ არ იყო, ამ ყველაფრის თაობაზე საქმის კურსში ჩავაყენე პროკურორებიც და მივიღეთ გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებაზე. უკვე შემდეგ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად შევისწავლე. დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედებები, შევადგინეთ გეგმა, პროკურორების მონაწილეობით შევადგინე ჩასატარებელი მოქმედებების გეგმა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, რადგან საქმე იყო დიდი და მოითხოვდა დიდ ადამიანურ რესურსს, მაშინ მთავარი პროკურორის მოადგილის დავალების საფუძველზე შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომლებსაც დაევალათ ჩემთან ერთად საქმეზე გამოძიება ეწარმოებინათ. უშუალოდ მე რაც ჩავატარე, ეს იყო დიდი მოცულობის საქმე. ჯერ საქმის მასალებს ვსახავდი, ვგეგმავდი, ვინ უნდა დაკითხულიყო. პირველ ეტაპზე საკრედიტო ხელშეკრულების პირები უნდა დაკითხულიყვნენ. შემდეგ მივიღეთ განჩინებები და ვითხოვდით ინფორმაციებს „თიბისი ბანკიდან“, „ტერა ბანკიდან“ და ეროვნული ბანკიდან. შემდეგ ვიბარებდით პირებს გამოსაკითხად. როგორც მახსოვს 29 ტომია ამ საქმეში. მახსოვს დავნიშნეთ ტრანზაქციებზე რევიზიები“, – განაცხადა ირაკლი ცანავამ.

ბრალდების მხარე საქმეში ამტკიცებს, რომ სწორედ ტრანზაქციების დროს, სხვადასხვა მეთოდით ადგილი ჰქონდა ფულის გათეთრებას. ამას კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებულები და ამბობენ, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ისინი ამ საქმის განახლებას პოლიტიკურ პროცესებს და მოსალოდნელ არჩევნებს უკავშირებენ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ ბრალი ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე.