მამუკა ხაზარაძე - ევროპიდან შემოსული თანხები გამჭვირვალეა, არანაირი კანონი არ სჭირდება, რომ მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია, საიდან შემოდის და რომელ ორგანიზაციაში შედის ფული
მამუკა ხაზარაძე - ევროპიდან შემოსული თანხები გამჭვირვალეა, არანაირი კანონი არ სჭირდება, რომ მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია, საიდან შემოდის და რომელ ორგანიზაციაში შედის ფული

„რუსული კანონი“ არ გავა, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ ვერ დარჩება ხელისუფლებაში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„„ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღეს, ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია „რუსული კანონის“ შესახებ თავიდან გააცოცხლეს, დავალება მიიღეს პირდაპირ კრემლისგან, რათა ახლა უფრო დიდ მიზანს შეუშალონ ხელი, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში. მინდა, მივმართო ივანიშვილს, გამოვიდეს, როგორც პარტიის ე.წ. საპატიო თავმჯდომარე და ქართველ ხალხს უთხრას, რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, თუ საიდან ფინანსდება მისი პარტია. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის რუსული კომპანიების ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი, აქ გამოდის და ლაპარაკობს ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე. ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება იმას, რომ საგადასახადო ინსპექციამ, მონიტორინგის სამსახურმა და უამრავმა მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია, თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი. უბრალოდ, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ თავისუფალი აზრი გააკონტროლოს, გააკონტროლოს არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ვერ გავა.

„მე მინდა, ივანიშვილს ვუთხრა, არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში. ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრე ჩემგან, ჩემი მეგობრებისგან და ქართველი ხალხის გზავნილს გიგზავნით. არ გაგატანთ! მთელი შენი ტრიუკები არის მოძველებული და უბრალოდ მოძველებული კი არ არის, ჭაობისკენ მიმავალია. შენ არ ემსახურები ქართველ ხალხს, შენ და შენი პარტია. შენ არ ემსახურები ქართველი ხალხის ინტერსს. შენ დაცალე და გააჩარე ეს ქვეყანა, უმუშევრობის ჭაობში ჩააგდე. შენ არ იხდი გადასახადებს ამ ქვეყანაში, არ შემოგაქვს ინვესტიცია ამ ქვეყანაში. შენ გინდა ერთი რამ, რომ იყო უსაფრთხოდ ზღვის სანაპიროზე და შენმა გარემოცვამ აკეთოს ფული. რის ხარჯზე – ქართველი ხალხის ხარჯზე. ამიტომ ეს კანონი და ყველა ის ტრიუკი არ გაგივა, რადგან ამ ქვეყნის პერსპექტივა არის თავისუფალი სამყარო. იქნება დაცული ქართული ღირსება, ტრადიცია, მემკვიდრეობა და ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას გააჩნია, თავის ისტორია და თავის მომავალიანად. კრემლის ეს დავალება, რომელიც წინა წელს ჩაგივარდათ, არ გაგივათ. ამიტომ ახლა მივმართავ მთელ საზოგადოებას: ესენი არ მოეშვებიან ამ პროცესს. ჩვენი ქვეყანა ეკონომიკით ხომ აბსოლუტურად მიამაგრეს რუსეთს. უკვე რუსეთზეა მიბმული მთელი ქვეყანა და ახლა უნდა, პოლიტიკურად მიაბას, არ გამოვა. ამიტომ, ჩვენ, „ლელო“, ყველანაურად ვიქნებით იმის სადარაჯოზე, რომ ქართველი ხალხის, უმრავლესობის, სრული უმრავლესობის აზრი მივიტანოთ ბოლომდე. ბოლომდე იქნება ყოველდღიური შრომა და ბრძოლა იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ გავისტუმროთ არჩევნებზე ხელისუფლებიდან. იმიტომ, რომ ჩვენ გვექნება კიდევ ბევრი სიურპირიზი „ქართული ოცნებისგან“. „რუსული კანონი“ არ გავა, ისევე როგორც ვერ დარჩება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.