მამუკა მდინარაძე - ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შენარჩუნებაზე იბრძოდნენ, რათა არჩევნები ხაზარაძეს ჩაეტარებინა და მოსახლეობის არჩევანის გარეშე ჩაეგდოთ ხელისუფლება ხელში
მამუკა მდინარაძე - ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის შენარჩუნებაზე იბრძოდნენ, რათა არჩევნები ხაზარაძეს ჩაეტარებინა და მოსახლეობის არჩევანის გარეშე ჩაეგდოთ ხელისუფლება ხელში

ძალიან პრიმიტიული სქემა გაიშიფრა, მამუკა ხაზარაძეს ცესკო-ში მოადგილე ჰყავდა და თავგამოდებით იბრძოდნენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილეს მოქმედი თავმჯდომარე შეეცვალა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეზე შეიძლებოდა გარკვეული ფიზიკური თავდასხმაც კი განხორციელებულიყო.

„როცა კანონი მივიღეთ, მათ საშუალება არ მივეცით ცესკო-ს თავმჯდომარის ბულინგი მომხდარიყო და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევაში ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრს ჩაეტარებინა არჩევნები, ამის შემდეგ შენახული მასალები ხაზარაძის ტელევიზიამ გამოფინა. რაც წამოადგინეს, ყველაფერი ფეიკი აღმოჩნდა. ამ ადამიანს ქონება მანამდე ჰქონდა, ვიდრე თანამდებობაზე იქნებოდა არჩეული. ყველაფერი ნათელია – ერთი მხრივ, არის ხაზარაძის ტელევიზია და მოადგილის თანამდებობის შენარჩუნებაზე ასე ძალიან იმიტომ იბრძოდნენ, რომ მოქმედი თავმჯდომარე დაებულინგებინათ, რათა არჩევნები ხაზარაძეს ჩაეტარებინა და ქართული მოსახლეობის არჩევანის გარეშე ჩაეგდოთ ხელისუფლება ხელში“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ რიგითი აქტივისტი გახდა და იმ ადამიანების რიგში ჩაეწერა, რომლებიც პატრიარქზე თავდასხმასაც კი არ ერიდებიან.

„ქალბატონი სალომესგან არაფერი გვიკვირს, მან გაბედა ის, რაც ხუთმა-ექვსმა გაბედა. მაგალითად, ლევან ბერძენიშვილმა, რომელიც სიწმინდეებს, ამ ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანებს, ეკლესიას, პატრიარქს ებრძვის. სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ ადამიანების რიცხვში ჩაეწერა, ვინც, უდიდესი ალბათობით, დავალების შესაბამისად, პატრიარქზე იერიში მიიტანა“, – განაცხადა მდინარაძემ.