მამუკა ხაზარაძე ახალგაზრდების დაცვის აქტის ინიციატივით გამოვიდა
მამუკა ხაზარაძე ახალგაზრდების დაცვის აქტის ინიციატივით გამოვიდა

პარტია „ლელო“ ახალგაზრდების დაცვის აქტის ინიციატივით გამოვიდა. შესაბამისი განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

ხაზარაძის თქმით, აღნიშნული აქტი სამ ძირითად პუნქტს მოიცავს:

„პირველი – ჩვენ დავიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას ნარკოტიკების მწარმოებლების, მოვაჭრეების, დილერებისა და დისტრიბუტორების წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძოლებთ და დავსჯით ნებისმიერ პოლიციელს, მოსამართლესა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს, რომელიც ხელს უწყობს და ჩართულია ამ დანაშაულში;

მეორე – განსაკუთრებით ეფექტურ კანონმდებლობას და კონტროლს დავუწესებთ ყველა თანამდებობის პირს ნარკოდამოკიდებულების საკითხზე;

მესამე – ნარკომომხმარებლების სასტიკად დასჯისა და მათი ბედით ცინიკურად მანიპულირების ნაცვლად, ანუ იმ ადამიანების, ვინც მხოლოდ მოიხმარენ ნარკოტიკებს, ჩვენ ვიქნებით შემწყნარებლები, ჩვენ მოვახდენთ ამ ნაწილის დეკრიმინალიზაციას და მთელ ძალისხმევას მივმართავთ რეაბილიტაციაზე, განათლებასა და პრევენციაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „რუსების უკონტროლო შემოდინებას ქვეყანაში მოჰყვა უზარმაზარი რაოდენობისა და სახეობის ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა, რომელიც ანადგურებს ახალგაზრდობას და, პრაქტიკულად, უსპობს ქვეყანას მომავალს“.

„ნარკოტიკების მოხმარება საქართველოში ეპიდემიად იქცა. „ქართული ოცნების“ სტატისტიკის მიხედვითაც კი, ბოლო ორ წელიწადში ნარკოტიკების შემოტანის მაჩვენებელი 70%-ით გაიზარდა, ხოლო ერთ წელიწადში მისი რეალიზაცია 49%-ზე მეტით გაიზარდა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.