მამუკა ხაზარაძე - მოსახლეობას შეაძულეს ბანკები, ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული
მამუკა ხაზარაძე - მოსახლეობას შეაძულეს ბანკები, ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული

პროკურატურამ ტონი შეიცვალა და ახლა ეძებენ, ვინ შეიძლება იყოს დაზარალებული და ბრალდებული, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკიდან ინტერესდებიან, ანაკლიის კერძო კომპანიაში ვის რა წილი უკავია და ვინ რამდენი ფული ჩადო.

„ეროვნული ბანკიდან წერილებს ვიღებთ და გვეკითხებიან, ვინ არის ანაკლიის კორპორაციაში დამფუძნებელი, ვის რამდენი პროცენტი აქვს, რა ეროვნული ბანკის საქმეა ანაკლიის კერძო კომპანიაში ვის რა წილი უკავია, ვინ რამდენი ფული ჩადო და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე განცხადებით, „თიბისი ბანკს“ დღემდე ინვესტირებული აქვს 180 მილიონი ლარი, რომელიც 70 მილიონს დოლარს შეადგენს.

„17 მილიონი კი არა, 200 მილიონი ლარის ვალდებულება ჩავაქრეთ ბანკისთვის, რომ ახალი შესაძლებლობა მიგვეცა და რამდენიმე ათასი კაცი ქუჩაში არ გაგვეშვა. რატომ არ ლაპარაკობთ იმ დარჩენილ 200 მილიონზე, რომელიც ბანკიდან ე.წ. ბალანს გარეშე ანგარიშზე გავიდა და მარტო 17 მილიონზე ლაპარაკობთ, რადგან 17 მილიონი გვიკავშირდება ჩვენ. იმ ბიზნესმენებს რატომ არ ახსენებთ, რომელთაც ასევე სესხი ჰქონდათ აღებული, იმ 800 მილიონზე რატომ არ ლაპარაკობთ, 800-დან მილიარდამდე, რომელიც საბანკო სექტორმა ჩამოწერა. იცით, რომ დეკემბერში მოხდა მლრდ 500 მლნ ლარის ჩამოწერა. ჩვენ კი არ ჩამოგვიწერია ის თანხები, ახლაც გარე საბალანსო ანგარიშზეა გატანილი, ხოლო მლრდ 500 000 მლნ ჩამოიწერა საბანკო სექტორის მიერ. არავინ არ თქვა, რა თანხებია, ვის ეკუთვნის, რადგან მთელი პროპაგანდა იყო, რომ საბანკო სექტორმა გამოიწვია ჭარბვალიანობა. რამდენიმე სატელევიზიო ინტერვიუ არსებობდა, პროპაგანდა მიდიოდა, ხალხი შეჭმულია.

კითხვა მაქვს, როგორ გგონიათ, მლრდ 500 მილიონში რამდენი პროცენტია საბანკო სექტორის ნაწილი. 20 პროცენტი, ჩვენი არის 6 პროცენტი. ვინ არიან დანარჩენები, ესენი არიან ის დაურეგულირებელი მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ არ დაარეგულირა და მისცა საშუალება 300-პროცენტიან, ზოგ შემთხვევაში 500-პროცენტიანი სესხების პასპორტის ქვეშ გაცემაზე. ამ დროს პოლიტიკური ქოლგა მიდიოდა, რომ ესენი არიან ბანკები, რადგან ადამიანი, რომელიც ფულს იღებს, მისთვის ყველა ბანკია. ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული. საბოლოო ჯამში, მთელს მოსახლეობას შეაძულეს ბანკები, ეს გამართული სექტორი. ახლა ჩვენ იგივე პროცესში ვართ. მინდა, გავერკვიო, ჩვენ ვაშენებთ ჯანსაღ ურთიერთობებს, თუ ვაშენებთ იმას, რაც აშენებულია ის დავანგრიოთ. ეს არის დამოუკიდებელი, გამართული, გამჭვირვალე ინსტიტუცია და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე წარმატებული“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა კომიტეტის სხდომაზე ჭარბვალიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბანკები რომ არ ჩართულიყვნენ, ჭარბვალიანობა 2 მილიარდ ნახევრამდე გაიზრდებოდა.

„დღეს მიდის საუბარი საბანკო სექტორზე როგორც ფულის პოტენციურ ​გამთეთრებელზე და ჭარბვალიანობის გამომწვევზე. ჩვენ, ბანკები რომ არ ჩავრთულიყავით, ჭარბვალიანობა გაიზრდებოდა 2 მლრდ ნახევრამდე. იძულებული ვიყავით, 300-პროცენტიან სესხებს დაპირისპირებოდა 40-პროცენტიანი სესხები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მივმართეთ ოფიციალური წერილით და ვუთხარით, თქვენ რომ დღეს გვეუბნებით ჩვენი 120 მილიონიანი პორტფელი მილიარდ 500 მილიონში უნდა ჩამოვწეროთ, სამი წლის მერე ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი რომ მოვა, ხომ შეიძლება მანაც უკანა რიცხვით თქვას ან ჩემმა აქციონერმა ნიუ-იორკში, რატომ ჩამოწერეთ 120 მილიონი სამ მილიონად, ვინ იყო ის, რომელმაც დაუთმეთ, ჩვენ სულ სხვა გათვლები გვქონდა, არ ვთვლით, რომ ეს 120 მლნ გასანულებელი იყო.

კითხვა მაქვს, თუ თქვენ 2008 წლის 17 მილიონზე გაქვთ პრეტენზია, ხუთი წლის მერე ხომ შეიძლება ახალმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა თქვას, რომ ეს იყო არასწორი 120-მილიონიანი ჩამოწერა. ეროვნული ბანკისგან წერილი მივიღეთ, რომ ეს ჩვენი საკითხი არ არისო. ლოგიკა სად არის. თუმცა ისინი ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.