მამუკა ბახტაძემ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო
მამუკა ბახტაძემ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები გააცნო

ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და გამარტივების მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებათა ახალი პაკეტი შემუშავდა. აღნიშნული ცვლილებების პაკეტი, ასევე, ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოადგილეებთან ერთად, დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს გააცნო.

აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის რეფორმის განვითარებისთვის მომზადებული ცვლილებები.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, კაპიტალის ბაზრის რეფორმა სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური განვითარების ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„ქვეყანაში განვითარებული კაპიტალის ბაზრის არსებობა გულისხმობს, საბანკო დაკრედიტების პარალელურად, კომპანიებსაც მიეცეთ გრძელვადიანი ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიანი შესაძლებლობა. ამით კი შეიქმნება კარგი საფუძველი განვითარდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი ჩვენს ქვეყანაში, შეიქმნება კონკურენტული გარემო არა მხოლოდ დაკრედიტების, არამედ დანაზოგების ეფექტიანად გადანაწილების მიმართულებითაც.

საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებებში სიახლეა ის, რომ ფიზიკური პირები და არარეზიდენტები გათავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით და  სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე, იმ პირობით, რომ ფასიანი ქაღალდი გამოშვებულია რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით და სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე. ამასთან, სასესხო ფასიან ქაღალდებზე პროცენტის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში შეღავათი გავრცელდება 2023 წლის პირველ იანვრამდე გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

აღნიშნული ცვლილებები მომზადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მონაწილეობით მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

„კიდევ ერთი ცვლილება სავაჭრო ზონების მოწყობის განვითარებას, გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის ცალკეული საკითხების დაზუსტებას ითვალისწინებს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ბაზრობის ორგანიზატორმა სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს სავალდებულო მოთხოვნები, რომლის შესრულებაც დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.

წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, სპეციალური სავაჭრო ზონის მოწყობა ხდება ნებაყოფლობითი.

ამასთან,  ბაზრობაზე მოვაჭრე პირებს მიენიჭება  სპეციალური სტატუსი და შემუშავდება დაბეგვრის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი.

პირი, რომელსაც მიენიჭება სტატუსი  კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად (დასაბეგრი შემოსავლის 20%), გადაიხდის ბრუნვის  გადასახადს  რეალიზებული საქონლის 3%-ის ოდენობით.

პირი, რომელიც გადაიხდის ბრუნვის  გადასახადს, ფაქტიურად  განთავისუფლდება ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებისაგან და არ ექნება გამოსაქვითი ხარჯების დადასტურების პრობლემა.

ბაზრობაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი უფლებამოსილი იქნება, უარი თქვას ბრუნვის 3 პროცენტიანი გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენებაზე და ისარგებლოს საშემოსავლო გადასახადის ჩვეულებრივი დაბეგვრის რეჟიმით (დასაბეგრი შემოსავლის 20%).

2020 წლის პირველი იანვრამდე გადავადდება ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება;

ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს აღნიშნული სექტორის განვითარებას, მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებას, დაბეგვრის საკითხების მოწესრიგებას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას.

პაკეტში გათვალისწინებულია ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კუთხით გასატარებელი ცვლილებები. კერძოდ:

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში რეგისტრირებულ დღგ-ის გადამხდელებს, რომლებიც საქართველოში არ ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას და არ აქვთ მუდმივი დაწესებულება დადგენილი წესით დაუბრუნდებათ საქართველოში დღგ-ის გადამხდელისაგან საქონლის/მომსახურების შეძენისას გადახდილი დღგ-ის თანხა. ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში დაფუძნებულ ბიზნესებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას;

იმიჯნება აქციზით დაბეგვრის ობიექტი სპირტიან სასმელებზე. კერძოდ, ეთილის სპირტად ჩაითვლება ყველა  სასმელი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 22%-ს;

აქციზისაგან გათავისუფლდება ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოებლად გამოყენებული საქონელი;

იცვლება მგზავრთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას პირადი ბარგით შემოტანილი აქციზური საქონელის დამატებული ღირებულების გადასახადის, იმპორტის გადასახადის და აქციზისაგან გათავისუფლების რაოდენობრივი ლიმიტები და იგი შესაბამისობაში მოდის ევროკავშირში დადგენილ ლიმიტებთან. აღსანიშნავია, რომ იმპორტი უნდა ხორციელდებოდეს პირადი მოხმარების მიზნით და არ უნდა ჰქონდეს სამეწარმეო ხასიათი.

წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, წიგნის მიწოდება და ბეჭდვის მომსახურება დღგ-ისგან გათავისუფლდება ჩათვლის უფლებით, რაც შესაძლებლობას მისცემს მწარმოებელს ჩაითვალოს  წარმოებაში გამოყენებულ ნედლეულზე გადახდილი  დღგ-ი, რაც მანამდე  მწარმოებლისთვის წარმოადგენდა დამატებით ხარჯს“ – აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.

მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო შეღავათები გაგრძელდება 2023 წლამდე.

„სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის საშემოსავლო გადასახადში, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მოგების და ქონების გადასახადში არსებული საგადასახადო შეღავათები;

თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადის გადახდისაგან განთავისუფლების ვადა;

ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა.

აღნიშნული ცვლილებები მიმართულია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და გამარტივებისკენ.  ცვლილებები სამუშაო შეხვედრების ფორმატში უკვე განხილულია შესაბამისი სექტორების წარმომადგენლებთან. წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი საჯაროა და გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. დოკუმენტი რამდენიმე დღეში განსახილველად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

რაც შეეხება ბიზნესისთვის ზედმეტობის დაბრუნების პროცედურების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას. მუშავდება სისტემა, რათა მეწარმეს არანაირი დამატებით ბიუროკრატიასთან არ ჰქონდეს შეხება და მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე შესაძლებელი იყოს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება 5-7 სამუშაო დღეში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, მათი სტიმულირებისთვის, რადგან მათ ექნებათ დამატებითი ფინანსური რესურსი განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.