მამუკა ბახტაძე - განვითარების დაფინანსების კორპორაციის საინვესტიციო მოცულობა 60 მილიარდია, თუ გარკვეული ნაწილი ჩვენი რეგიონისთვის იქნება გამოყოფილი, ეს იქნება დაფინანსების ალტერნატიული წყარო
მამუკა ბახტაძე - განვითარების დაფინანსების კორპორაციის საინვესტიციო მოცულობა 60 მილიარდია, თუ გარკვეული ნაწილი ჩვენი რეგიონისთვის იქნება გამოყოფილი, ეს იქნება დაფინანსების ალტერნატიული წყარო

ჩვენ მთავარი მიზანი გვაქვს – საერთაშორისო განვითარების დაფინანსების კორპორაციის წარმომადგენლობის გახსნის იდეის ხელშეწყობა და ადვოკატირება საქართველოში, რომელიც სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონს დაფარავს თბილისიდან; მეორე მიზანია აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების იდეის ადვოკატირება; ჩვენ ჭეშმარიტად გვწამს, რომ ორივე ინიციატივას აქვს პოტენციალი, რომ სრულიად მოახდინოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენი რეგიონის გარდაქმნა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდისა (AGECF) და Foreign Policy-ის ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც აშშ-დან მიიღო მონაწილეობა.

ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი (AGECF), რომელიც
მამუკა ბახტაძემ აშშ-ის პრეზიდენტ კენედის შვილიშვილთან ერთად დააფუძნა, საქართველოში 60-მილიარდიანი ამერიკული სახელმწიფო ფონდის შემოყვანას ისახავს მიზნად, რომელიც თბილისიდან დაფარავს რვა სახელმწიფოს – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თუქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი.

ფონდის საქმიანობის ძირითად მიზანი საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და შესაბამისად, სიღარიბის დაძლევა იქნება. ასევე, ფონდი მხარს დაუჭერს ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას.

„განვითარების დაფინანსების კორპორაციის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 60 მილიარდია, რაც ორჯერ აღემატება კერძო საგარეო ინვესტიციების კორპორაციის შესაძლებლობებს. თუ მისი გარკვეული ნაწილი ჩვენი რეგიონისთვის იქნება გამოყოფილი, მაშინ ამერიკულ კომპანიებს ეკონომიკურად მდგრადი ინსტრუმენტები გაუჩნდებათ სამყაროს ჩვენს ნაწილში ინტეგრაციისთვის. რეგიონის ქვეყნების მთავრობებისთვის ეს იქნებოდა დაფინანსების ალტერნატიული წყაროები მეტად კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. აუცილებელია დაკავშირებადობა, თუ გვინდა, სამყაროს ამ ნაწილის ყველაზე ქმედითი ინტეგრაცია მოხდეს გლობალურ ეკონომიკაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვისაც, რადგან მცირე და საშუალო საწარმოებს გაუჩნდებათ ამერიკელი პარტნიორების პოვნისა და რეგიონში ახალი ბიზნესის წამოწყების შანსი. ამ შესაძლებლობით ქალი მეწარმეებიც ისარგებლებდნენ, რომლებიც საკუთარი ბიზნესიდეებისთვის დაფინანსების მოპოვებას შეძლებდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული ბიზნესი და კერძო სექტორი მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებდა საქართველოში შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა უფლებების დაცვის სფეროში. ეკოლოგიური სტანდარტების დაცვაც უმაღლეს დონეზე მოხდებოდა. დაინერგებოდა ინოვაციები და ტექნოლოგიები, რაც მოტივაციას გაუზრდიდა მთავრობას და შედეგად მოიტანდა მეტ კაპიტალდაბანდებას ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. ჯამში, ეს ყველაფერი დაგვეხმარებოდა რეგიონში გარდაქმნების ახალი ტალღის წამოწყებაში. შეერთებულ შტატებსა და ჩვენს რეგიონს შორის არსებული პარტნიორობის ეკონომიკური პოტენციალის ჩვენების დრო დადგა. რა თქმა უნდა, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის რანგში შეიძლება და უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული როლი ამ კონტექსტში“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) მმართველი საბჭოს/გამგეობის შემადგენლობაში არიან:

მეთ კენედი – Converge-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; მუშაობდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის, ფინანსთა დეპარტამენტებში და თეთრ სახლში;

სტუარტ აკერლი – ადვოკატი ვაშინგტონში და Statera Capital-ის დირექტორი, იყო ახლად შექმნილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პირველი ხელმძღვანელი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე და უფროსი მრჩეველი;

ქალებ ჩარლზ მაკკარი – ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი; მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ;

დიმიტრი ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი;

ლევან ავალიშვილი – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების ხელმძღვანელი;

ირინა ლორთქიფანიძე – აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება კანონის უზენაესობის, სასამართლო და იურიდიული პროფესიის რეფორმების, ადამიანის და ქალთა უფლებების საკითხებზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირისა და გაერო-ს პროექტების ფარგლებში.