არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში სავარაუდოდ არ იქნება, მას მომავალი კარიერა სხვანაირად წარმოუდგენია
არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში სავარაუდოდ არ იქნება, მას მომავალი კარიერა სხვანაირად წარმოუდგენია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ საარჩევნო სიაში არ იქნება.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, მამუკა ბახტაძესთან აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გაიმართა.

„მამუკა ბახტაძეს აქვს დიდი და პოზიტიური გამოცდილება, ნამდვილად იქნებოდა საპარლამენტო გუნდისთვის შენაძენი, თუმცა სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში, ვინაიდან მას უფრო სხვანაირად წარმოუდგენია სამომავლო კარიერა. ის საკმაოდ გამოცდილი და კომპეტენტურია საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით აქვს დიდი გამოცდილება და გუნდს ამ პოზიციებზე დაეხმარება. პოლიტიკური კონსულტაციები იყო მასთან და ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ის სიაში თავს არ განიხილავს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ მედიას განუცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვს.

„ჩვენი პოლიტიკური პარტია ენდობა საზოგადოებას, თავის მხარდამჭერებს და ჩვენთვის უპირობოდ მისაღები იქნება ის არჩევანი, რომელსაც საზოგადოება გააკეთებს. მზად ვართ, მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად, გვაქვს ჩვენი საზოგადოების იმედი და მხარდაჭერის მოლოდინი. რაც შეეხება გუნდის განახლებას, ეს მოხდება პროპორციული სიის ხარჯზე. სიას წარვადგენთ სექტემბერში და მაქსიმალურად ვეცდებით ამ სიის ფარგლებში უზრუნველვყოთ, როგორც ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა პოლიტიკაში, ასევე მივახდინოთ გუნდის განახლება იმ ადამიანებით, რომლებმაც ახალი იდეები და ენერგია უნდა შემოიტანონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.