მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული ინიციატივის განხორციელებით გვაქვს მოლოდინი, მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც აისახება თითოეულ მოქალაქეზე
მამუკა ბახტაძე - ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული ინიციატივის განხორციელებით გვაქვს მოლოდინი, მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც აისახება თითოეულ მოქალაქეზე

საქართველოს ჰყავს ორი მთავარი მტერი – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი წყარო კი გახდა ჭარბვალიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჭარბვალიანობის აღმოფხვრაზე მუშაობა მთავრობამ არჩევნებამდე გაცილებით ადრე დაიწყო, ვინაიდან ეს ძალიან რთული და კომპლექსური პრობლემაა, რომელიც 600 000-ზე მეტ ადამიანს ეხება.

„ეს არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების სერიოზული ბორკილი. ჩვენს ინიციატივაზე მე ბევრი არასერიოზული შეფასება მოვისმინე, თუმცა მთავარი არის ის, რომ 2019 წელს ბევრი ოჯახი, 600 ათასზე მეტი ადამიანი შეხვდება ამ ტვირთის გარეშე. ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება, ვინაიდან ამ ინიციატივაში მეტი ფინანსური ინსტიტუტი ჩაერთო და დარწმუნებული ვარ, 15 დეკემბრამდე მოქალაქეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება“,- განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემა დაიწყო 2007 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი უპასუხისმგებლო ბრძანებით, რომლის მიხედვითაც ზედა ზღვარი მოიხსნა როგორც სესხის პროცენტზე, ასევე ჯარიმებსა და საურავებზე.

„ადამიანებს ძირ თანხაზე ორჯერ და სამჯერ დიდი ჯარიმის გადახდა უწევდათ. ეს იყო ჭარბვალიანობის სასტარტო წერტილი. ამას დაემატა სხვა ფაქტორები – არასამართლიანი დაკრედიტება, არასამართლიანი თამაშის წესები, რამაც შექმნა ეს მძიმე სურათი, რაც მძიმედ აისახა არა მხოლოდ ეკონომიკის, რამედ სოციალურ განვითარებაზე და მოსახლეობის ნაწილი დარჩა არალეგალურ ეკონომიკაში. ყველას გვყავს ნაცნობები, რომლებიც ცდილობენ, დამსაქმებლისგან ანაზღაურება ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღონ. ამ ინიციატივის შედეგად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც აისახება თითოეულ მოქალაქეზე. მოგეხსენებათ, „იუნისეფის“ ცნობილი კვლევის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად დავაკორექტირეთ ეკონომიკური პოლიტიკა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ამ პრობლემასთან საბრძოლველად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.