მამონტების გადაშენება შეიძლება ატმოსფეროში შემოჭრილი კომეტის აფეთქებამ გამოიწვია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
მამონტების გადაშენება შეიძლება ატმოსფეროში შემოჭრილი კომეტის აფეთქებამ გამოიწვია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ბეწვიანი მამონტები დედამიწაზე ასობით ათასი წლის განმავლობაში ბინადრობდნენ, ძირითადად ცივ რეგიონებში.

შემდეგ რაღაც მოხდა. დედამიწა შეიცვალა. საოცრად მოკლე დროში მამონტები (Mammuthus primigenius) გაქრნენ. უკანასკნელი მამონტი 4000 წლის წინ მოკვდა, არქტიკაში მდებარე მიყრუებულ კუნძულ ვრანგელზე.

მიჩნეულია, რომ მათ გაქრობაში ადამიანებმა შეიტანეს დიდი წვლილი, მაგრამ უცნობია, რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვია კლიმატის ისე შეცვლა, რომ მათი არსებობა უკვე შეუძლებელი გახდა. ერთი მოსაზრების თანახმად, დაახლოებით 13 000 წლის წინ, დედამიწას კოსმოსური მოვლენა დაატყდა თავს, რამაც პლანეტა ისე გაათბო, რომ მამონტების ყოფა შეუძლებელი გახდა და გზა გაეხსნათ ახალ სახეობებს.

ამას უმცროსი დრიასის დარტყმის თეორიას (YDIH) უწოდებენ და რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ საკამათოა. ამას გარდა, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ იდეას ხარვეზები აქვს და მის მხარდამჭერ მტკიცებულებებსაც ეძებდნენ.

მათ შორის ერთ-ერთია სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის არქეოლოგი კრისტოფერ მური.

„ზოგიერთი ჩვენი კრიტიკოსი ამბობდა, ‘აბა, სადაა კრატერი?’ ამ დრომდე, კრატერი ან კრატერები მართლაც არ გვიპოვია“, — ამბობს მური.

მიუხედავად ამისა, მურს და მის კოლეგებს სჯერათ, რომ მტკიცებულების პოვნა შესაძლებელია, თუკი კვლევაში მხოლოდ დედამიწის ზედაპირით არ შემოიფარგლები. ასევე მიაჩნიათ, რომ ზოგიერთი მათგანი უკვე იპოვეს — გარკვეულ მახასიათებელთა მქონე მინერალთა ფორმით, რაც საუკეთესოდ აიხსნება კომეტის დაცემით.

ბოლო კვლევაში, მათ აღწერეს მტკიცებულებათა რამდენიმე ასეთი ხაზი, რომლებიც ჯამში, მათი თქმით, დამაჯერებელ ამბავს ჰყვება.

მტკიცებულებათა სხვადასხვა ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში, დანალექების შრეებიდან აღებულ ნიმუშებში ნახეს; რადიონახშირბადული დათარიღების მიხედვით, ყველა მათგანი 12 800 წლის წინანდელია — იმ პერიოდის, როცა კოსმოსური სხეულის დაცემა უნდა მომხდარიყო.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 50 ადგილიდან (ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ევროპა, აზია და გრენლანდიის ყინულები) აღებულ ნიმუშებში გამოჩნდა მინიშნებები, რომლებიც შეიძლება დედამიწაზე კომეტის დაცემაზე მიუთითებდეს.

გრენლანდიის მუდმივად გაყინულ რეგიონებში ყინულის გაბურღვით აღებულ ნიმუშებში აღმოაჩინეს ფართოდ გავრცელებულ ხანძრებთან დაკავშირებული მიკრონაწილაკები, ე. წ. წვის აეროზოლები, რომლებიც ატმოსფეროში მატერიის წვისას ვრცელდება.

მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან, მაგალითად, სირიიდან და ჩრდილოეთ ამერიკის სამი ერთმანეთისგან ძლიერ დაშორებული ადგილიდან აღებულ ნიმუშებში დიდი ოდენობით პლატინა აღმოჩნდა. როგორც მური განმარტავს, პლატინა დედამიწის ქერქში იშვიათია, მაგრამ შედარებით ბევრია კომეტებში.

იმავე დანალექოვან შრეში მომატებულია რკინის ციცქნა, მიკროსკოპული ბურთულების კონცენტრაცია, რომლებსაც მიკროსფერულებს უწოდებენ. ისინი მაშინ წარმოიქმნება, როცა ჰაერში გამდნარი მატერია იფრქვევა, მაგალითად, როცა მეტეორიტი ზედაპირს ეცემა და დნება ან ატმოსფეროში ფეთქდება.

და ბოლოს, ჩრდილოეთ ამერიკის ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებული ადგილებიდან აღებულ ნიმუშებში, უმცროსი დრიასის ფენის საზღვართან მკვლევრებმა პირველად აღმოაჩინეს კვარცის ნამსხვრევები. ამ კვარცს აღენიშნება მიკროსკოპული ბზარები, რაც დიდი შოკური დარტყმის შედეგია.

მურის განცხადებით, ასეთ რამეს, რაც მათ ნიმუშებში ნახეს, უზარმაზარი წნევა წარმოქმნის.

უფრო დიდი სურათი, რაც ამ ფაზლის ნაჭრებიდან შეიძლება გამოიკვეთოს, არის კომეტა, რომელიც დედამიწას დაახლოებით 12 800 წლის წინ დაეცა და ამ დაცემის შედეგად, შეიძლება კრატერი სულაც არ გაჩნდა. თუ კომეტა ატმოსფეროში აფეთქდა, შედეგად მიღებულ შოკურ ტალღას ზედაპირი უნდა გადაერეცხა და ყველა ის ელემენტი წარმოექმნა, რასაც მკვლევრებმა მიაგნეს, დაახლოებით ისე, როგორც ტუნგუსკის მეტეორიტმა წარმოქმნა დიდი ქაოსი პლანეტის ზედაპირზე ყოველგვარი დიდი ნაპრალის დატოვების გარეშე.

გადაჭრით რაიმე დასკვნის დადება მაინც რთულია. შარშან დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, „უმცროსი დრიასის დარტყმის თეორიის მხარდასაჭერად გამოყენებული არგუმენტები ეყრდნობა მცდარ მეთოდოლოგიას, შეუსაბამო ვარაუდებს, საეჭვო დასკვნებს, ფაქტების არასწორ შეფასებას, არასწორ ინფორმაციას, დაუსაბუთებელ პრეტენზიებს, ერთეულ დაკვირვებებს, ლოგიკურ ხარვეზებსა და საპირისპირო ინფორმაციის მიზანმიმართულ უგულებელყოფას“.

შესაბამისად, ჯერ კიდევ ბევრი სამეცნიერო მონაცემია საჭირო, ვიდრე რაიმე დასკვნამდე მივალთ. თუმცა, სხვა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ წარსულში უარყოფილი ბევრი სამეცნიერო თეორია შემდეგში გადაიხადა და ფართო სამეცნიერო კონსენსუსიც დაიმსახურა.

რასაც ვერავინ უარყოფს, ისაა, რომ ასტეროიდებისა და კომეტების დაცემა დაკავშირებულია გარემოს ფართომასშტაბიან ცვლილებებთან. ასეთმა მოვლენებმა დედამიწაზე სიცოცხლის კურსი წარსულში ბევრჯერ შეცვალა; მიუხედავად იმისა, რომ მზის სისტემა ახლა ბევრად მშვიდია, ვიდრე ერთ დროს იყო, მომავალში ასეთი მოვლენის შანსი მთლად ნულის ტოლი მაინც არ არის.

კვლევა Airbursts and Cratering Impacts-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.