მალტაში მოკლული ჟურნალისტის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე სახლში მრავლობითი ჭრილობით იპოვეს
მალტაში მოკლული ჟურნალისტის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე სახლში მრავლობითი ჭრილობით იპოვეს

მოკლული მალტელი ჟურნალისტის, დაფნე კარუანა გალიციას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე სამართალდამცველებმა, საკუთარ სახლში მრავლობითი ჭრილობით დაშავებული იპოვეს.

მედიის ინფორმაციით, მელვინ ტეუმა სასამართლოში ჩვენების მისაცემად უნდა გამოცხადებულიყო. პოლიციამ მოწმე ცივი იარაღით ხელში აღმოაჩინა. მას კისრის, მაჯებისა და თირკმელების არეში მრავლობითი ჭრილობა აქვს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, დაკითხვაზე მელვინ ტეუმამ განაცხადა, რომ თვითდაზიანებები მიიყენა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ჟურნალისტი დაფნე კარუანა გალიცია 2017 წლის ოქტომბერში, საკუთარ ავტომობილში აფეთქებას ემსხვერპლა. ჟურნალისტი ექსპრემიერ ჯოზეფ მუსკატისა და მისი მეუღლის კომპანიის საქმეს იძიებდა, რომელიც ე.წ. პანამის დოკუმენტებში ფიგურირებს, და მათ კორუფციულ გარიგებებში ამხელდა.