ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს ერთიანობა არის ის, რაც ნამდვილად საჭიროა აგრესორების დასამარცხებლად
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს ერთიანობა არის ის, რაც ნამდვილად საჭიროა აგრესორების დასამარცხებლად

მალტაში საერთაშორისო სამიტი გრძელდება, რომელიც უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებს ეხება. სამიტი საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე იმართება.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებში მსოფლიოს 66 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს და კიევის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულა“ განიხილება.

„მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს და ქვეყანას, რომლებმაც უკვე მხარი დაუჭირეს ჩვენს საერთო ხედვას მშვიდობის შესახებ. არსებობს სახელმწიფოების წარმომადგენლობის გაფართოების პოტენციალი. ჩვენი ფორმულის პუნქტები იქმნება ისე, რომ მსოფლიოში ყველას, ვინც ნამდვილად აფასებს საერთაშორისო სამართალს, შეუძლია, გამოხატოს საკუთარი თავი, ღირებულებები და მხარი დაუჭიროს აგრესიის წინააღმდეგ გლობალურ ძალისხმევას“, – აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განმარტა, სამიტზე მსჯელობა „მშვიდობის ფორმულის“ ათი პუნქტიდან ხუთზე (რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ყველა პატიმრისა და დეპორტირებული პირის გათავისუფლება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა) მიმდინარეობს.

„შარშან, როცა პირველად შემოვიღე „ფორმულა“, მსოფლიო ჯერ კიდევ განიხილავდა სხვადასხვა ხედვას და საკმაოდ განსხვავებულ მიდგომებს ჩვენი სახელმწიფო საზღვრის აღდგენისა და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად. გლობალური უმრავლესობა თანდათან ერთიანდება „მშვიდობის ფორმულაში“ ასახული საერთო და სამართლიანი ხედვის ირგვლივ. მსოფლიოს ერთიანობა არის ის, რაც ნამდვილად საჭიროა აგრესორების დასამარცხებლად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.