შალვა პაპუაშვილი - მალტა ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერია არა მხოლოდ საქართველოს წინსვლის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ ქვეყნის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ
შალვა პაპუაშვილი - მალტა ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერია არა მხოლოდ საქართველოს წინსვლის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ ქვეყნის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ

ისევე, როგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი მალტის პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მალტა საქართველოს ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერია.

„დღეს მალტის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ისევე, როგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ მალტა არის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი არა მხოლოდ საქართველოს წინსვლის ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების მხრივ. ამ საუბრების შედეგად ჩვენი მალტელი კოლეგებისთვის დიდი მადლობა გვეთქმის. ეს ჩვენი ხალხისთვის ნამდვილად არის დიდი მოტივაცია, როცა გვეგულება ქვეყანა, რომელიც ასეთი გულმხურვალე გულშემატკივარია ჩვენი ევროპული გზის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა იტალიაში დაგეგმილ სამუშაო ვიზიტზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეხვედრების დროს ქართული დელეგაცია კოლეგებს 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწეულ პროგრესს აცნობს.

„რაც შეეხება იტალიაში სამუშაო ვიზიტს, იტალიაში იქნება შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან. დარწმუნებული ვარ, რომ იქაც ისეთივე მხარდაჭერა იქნება, რაც მალტაში ვიგრძენით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასეთი შეხვედრების დროს კოლეგებს ვაცნობთ იმ პროგრესს, რასაც საქართველო 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ აღწევს. ამ თვალსაზრისით, დედაქალაქებიდან მხარდაჭერას ვიღებთ. ჩვენ ასეთი შეხვედრები ოპტიმიზმს გვისახავს, რომ ოქტომბერში შეფასება და დეკემბერში გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.