ნიკოლოზ სამხარაძე - მალტის პრეზიდენტმა გამოთქვა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და განაცხადა, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს
ნიკოლოზ სამხარაძე - მალტის პრეზიდენტმა გამოთქვა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და განაცხადა, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს

მალტის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ევროკავშირის გაფართოებაზე და იმ უსაფრთხოების პრობლემებზე, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას, ასევე ჩვენს წვლილზე, რაც შეგვიძლია, შევიტანოთ ევროკავშირის უსაფრთხოებაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, საქართველოს დელეგაციას მალტის პრეზიდენტთან პოზიციების სრული თანხვედრა აქვს.

„მალტის პრეზიდენტმაც გამოთქვა უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და განაცხადა, რომ ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს, რადგან საქართველოს წევრობა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირს შეიძლება ის პრობლემები მოეხსნას, რაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვს, რადგან საქართველოს გავლით შეიძლება დაკავშირება ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ წყაროებთან. საუბარი იყო ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსულ აგრესიაზე როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მალტის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოხატა იმ მხარდამჭერ პოზიციაზე, რასაც საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე აფიქსირებს. მან თქვა, რომ ესმის ის პოზიცია, რაც საქართველოს დაკავებული აქვს რუსეთთან მიმართებაში, როცა არ აწესებს ორმხრივ სანქციებს და ეს გასაგებია იმ ქვეყნის მხრიდან, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია. მალტის პრეზიდენტთან პოზიციების სრული თანხვედრა გვქონდა და მხარდაჭერა აღგვიქვა, რომ, როცა დეკემბერში იქნება სტატუსის საკითხის განხილვა, მალტა საქართველოს მხარს დაუჭერს“, – განაცხადა სამხარაძემ.