მაიკლ მაკფოლი - რუსეთთან მოლაპარაკებას დავიწყებდი მოთხოვნით, გაიყვანოს ძალები დნესტრისპირეთიდან, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება, გავიდეს ყირიმიდან
მაიკლ მაკფოლი - რუსეთთან მოლაპარაკებას დავიწყებდი მოთხოვნით, გაიყვანოს ძალები დნესტრისპირეთიდან, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება, გავიდეს ყირიმიდან

პუტინს სურს იალტის კონფერენციის ხელახლა მოწყობა და ევროპის უსაფრთხოების ბედზე ვაშინგტონთან შეთანხმება, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებაზეც, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ერთ-ერთმა ავტორმა და რუსეთში აშშ-ის ყოფი​ლმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა განუცხადა.

შეკითხვაზე, რამდენად რეალურია რუსეთის მუქარა, შეუძლია თუ არა მას ევროპაში ახალი ომის დაწყება და რა იქნება საპასუხო რეაქცია დასავლეთისგან, მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ პუტინი ემუქრება უკრაინას, რათა დასავლეთისგან და თავად უკრაინისგანაც დათმობები მიიღოს.

„რუსეთისთვის საფრთხედ არა უკრაინის ნატო-ს წევრობა, არამედ დემოკრატიული უკრაინა წარმოადგენს. ამას წყალი არ გაუვა. პუტინმა თავად გამოიგონა ეს კრიზისი. ნატო არ აპირებდა უკრაინის მიღებას და ბაიდენის ადმინისტრაციაშიც ამ საკითხზე პოლიტიკა შეცვლილა. ეს კრიზისი არის პუტინის მიერ შექმნილი. მეორე საკითხია, რომ ახლა მან ფსონები გაზარდა, როდესაც აშშ-სა და ნატო-სთან შეთანხმების პროექტები გამოაქვეყნა, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებას ეხება. მინდა, აღვნიშნო, რომ აშშ-ის მთავრობაში ხუთი წელი ვმუშაობდი და რუსებთან მოლაპარაკებებში ვიყავი ჩართული, სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებისა და ასევე რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების დროს“, – განაცხადა მაიკლ მაკფოლმა.

მისივე თქმით, დიპლომატიაში ძალიან უჩვეულოა, როდესაც ერთი მხარე საკუთარ პოზიციას დროზე ადრე ასაჯაროებს.

„ეს ძალიან, ძალიან უჩვეულოა. როგორც წესი, მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და შეთანხმება მხოლოდ მას შემდეგ ხდება საჯარო, როდესაც ყველა მხარე შეთანხმდება. რუსეთის მიერ შეთანხმებების პროექტების წინასწარ გამოქვეყნება ნიშნავს, რომ პუტინი არ არის სერიოზულად განწყობილი. ის ამ დოკუმენტებს ულტიმატუმად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომისა და აგრესიის გაგრძელებისთვის, რომელიც რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს წამოიწყო. სწორედ ეს მანერვიულებს, რადგან სერიოზულად არ გამოიყურება, როდესაც ასაჯაროებ შენ მიერ შედგენილ შეთანხმებას და სთხოვ მეორე მხარეს, ხელი მოაწეროს. თუმცა, ვფიქრობ, რუსეთის წინადადება განხილვად ღირს“, – აღნიშნა მაიკლ მაკფოლმა.

მისი თქმით, აშშ-მა, ევროპელმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უნდა უპასუხონ რუსეთის წინადადებებს და ეს ორი გზით უნდა მოხდეს.

„უპირველეს ყოვლისა, უარი უნდა ვთქვათ შემოთავაზებულ ფორმატზე. პუტინს სურს იალტის კონფერენციის ხელახლა მოწყობა და ევროპის უსაფრთხოების ბედზე ვაშინგტონთან შეთანხმება, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებაზეც. მას უნდა, რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა გადაწყვიტონ, რა მოუვათ სხვებს. რუსეთს ბრიტანელების ჩართვაც კი არ სურს, ეს კი ნამდვილად მიუღებელია. ამას არ უნდა დავთანხმდეთ. ევროპის უსაფრთხოებაზე ევროპელების გარეშე ვერ მოილაპარაკებ. ახალი იალტის ნაცვლად, ახალი ჰელსინკი უნდა მოვაწყოთ. ჰელისნკის დასკვნითი აქტი 1970-იან წლებშია მიღებული და ამ მოლაპარაკებაში ჩართული იყო ყველა ევროპული ქვეყანა. ასეთი ფორმატი გულისხმობს საქართველოსა და უკრაინის ჩართულობას და სწორედ ეს გახლავთ სწორი ფორმატი. მეორე საკითხი უკავშირდება მოლაპარაკების არსს. პუტინმა უკვე ჩამოაყალიბა საკუთარი მოთხოვნები, ამიტომ ვფიქრობ, პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპელმა ლიდერებმა ასევე უნდა ჩამოთვალონ ის, რაც მათი აზრით, გააძლიერებს ევროპის უსაფრთხოებას. მე დავიწყებდი მოთხოვნით, რომ რუსეთმა გაიყვანოს სამხედრო ძალები დნესტრისპირეთიდან, წაიღოს უკან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ამ ნაწილების სამხედრო მხარდაჭერა, რათა გაჩნდეს საქართველოს გაერთიანების შესახებ რეალური მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობა, რუსეთი უნდა გავიდეს ყირიმიდან, რადგან ეს არალეგალური ანექსია იყო და ეს ტერიტორია ეკუთვნის უკრაინას. რუსეთმა ასევე უნდა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, უნდა გაიყვანოს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტები კალინინგრადიდან, რაც დესტაბილიზაციურია ევროპის უსაფრთხოებისთვის. როგორც გვახსოვს, ჰელსინკის დასკვნით აქტში საუბარია არა მხოლოდ ქვეყნების, არამედ ინდივიდუალური პირების უსაფრთხოებაზეც. ეს ძალზე მნიშვნელოვანი პრინციპია. ამიტომ, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ინდივიდუალური პირების მკვლელობა – იქნება ეს ლონდონში – ლიტვინენკო, სოლსბერიში – სკრიპალი, თუ ბერლინში მომხდარი მკვლელობა; ასევე, მკვლელობები, რომლებიც რუსეთში მოხდა. მაგალითად, ბორის ნემცოვის მკვლელობა მოსკოვში და ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობა ტომსკში. ყველა ჩამოთვლილი ქმედება ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული და რუსეთმა ეს უნდა შეწყვიტოს. შემიძლია, ეს სია დიდხანს გავაგრძელო, რაც აჩვენებს, რომ პუტინის რუსეთი დღეს ევროპის უსაფრთხოებისთვის მთავარ დესტაბილიზაციურ ძალას წარმოადგენს. თუ ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, მაშინ ჩემ მიერ ჩამოთვლილი აგრესიული აქტები უნდა იყოს განხილული“, – განაცხადა მაიკლ მაკფოლმა.

მაიკლ მაკფოლთან ინტერვიუს სრული ვერსია.