გაერო-ში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ მისი მთავრობა იმედგაცრუებულია აშშ-ის მიერ ისრაელისთვის ბომბების მიწოდების შეჩერების გამო
გაერო-ში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ მისი მთავრობა იმედგაცრუებულია აშშ-ის მიერ ისრაელისთვის ბომბების მიწოდების შეჩერების გამო

გაერო-ში ისრაელის ელჩი გილად ერდანი აცხადებს, რომ მისი მთავრობა იმედგაცრუებულია აშშ-ის მიერ ისრაელისთვის ბომბების მიწოდების შეჩერების გამო.

თუმცა, ერდანის აზრით, ეს ნაბიჯი არ წარმოადგენს სიგნალს, რომ აშშ ისრაელის უფრო ფართო დახმარებას შეაჩერებს.

როგორც გაერო-ში ისრაელის ელჩმა აღნიშნა, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება კონგრესისა და უნივერსიტეტის კამპუსებში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ზეწოლის ფონზე მიიღო.

ერდანის თქმით, ბაიდენი, ერთი მხრივ, მოუწოდებს ხალხს, ახსოვდეთ, რომ ომი „ჰამასმა“ დაიწყო, ხოლო მეორე მხრივ, აჩერებს „ჰამასის“ განადგურების საშუალებას.

„თქვენ ვერ მოიგებთ ომს, თუ არ მისცემთ ისრაელს მოგების საშუალებას“, – განაცხადა ერდანმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ-მა ისრაელისთვის ბომბების მიწოდება რაფაჰში მათი პოტენციური გამოყენების საშიშროების გამო დროებით შეაჩერა.

შეიარაღების აღნიშნული პარტიის გაგზავნა გასულ კვირას დაპაუზდა. დახმარება 1 800 ერთეულ 900კგ-იან ბომბსა და 1 700 ერთეულ 225კგ-იან ბომბებს მოიცავდა.