ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული საჭადრაკო სკოლა, ზაფხულიდან საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირების მასპინძლობას შეძლებს.
აღნიშნული ობიექტი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარშია აშენებული და მას შემდეგ შენობის რეკონსტრუქცია არ მომხდარა.
შენობის პირველ სართულზე განთავსებულია ორი – წითელი და მწვანე დარბაზი.
პროექტით გათვალისწინებულია მწვანე დარბაზის გაფართოება, რის შედეგადაც მოეწყობა ექვსი ოთახი, თავისი სველი წერტილებით.
ასევე, რეაბილიტირდება შენობის ფასადი და აივნები. სამუშაოები ივნისში დასრულდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 300 000 ლარზე მეტია.
ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სახლში მიმდინარე სამუშაოები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და რეგიონში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრი მინისტრი პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს.