მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას მაია ჩიბურდანიძეს 17 იანვარს 60 წლის იუბილეს მიულოცავენ

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე მაია ჩიბურდანიძე 17 იანვარს 60 წლისა გახდება. 

მან ჭადრაკის თამაში ქუთაისში დაიწყო. 13 წლის ასაკში მისი დებიუტი ბრაშოვში ქალთა საერთაშორისო ტურნირზე შედგა. 1976 წელს მაია ჩიბურდანიძემ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი მას საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 17 წლის ასაკში მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა, 1978 წელს მან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი შედეგით 8,5:6,5 დაამარცხა.

ნანა ალექსანდრიასთან, ირინა ლევიტინასთან, ელენა ახმილოვსკაიასთან და ნანა იოსელიანთან ჩატარებული პაექრობების შემდეგ მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოში უძლიერესი მოჭადრაკის გვირგვინს 14 წლის მანძილზე ინარჩუნებდა. მაიამ ჩემპიონის ტიტული 1991 წელს მანილაში, ჩინელ სიუ ჟუნთან პაექრობისას დათმო. 1997 წელს ის კონტინენტის ჩემპიონი გახდა. მაია ჩიბურდანიძე საჭადრაკო ოლიმპიადების 9-გზის გამარჯვებულია. ეს შედეგი ქალთა შორის დაფიქსირებული საუკეთესო მაჩვენებელია. ის ყოველთვის პირველ დაფაზე თამაშობდა და ოთხჯერ მცირე ოქროს მედალიც მოიპოვა. საჭადრაკო ოლიმპიადებზე მაიას მიერ ჩატარებული 167 პარტიიდან მის ანგარიშზე 125,5 ქულაა.

2019 წლის 5 სექტემბერს თბილისში საზეიმოდ გაიხსნა მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო აკადემია, სადაც სწავლება მსოფლიოს ხუთგზის, ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონის და ოთხი საჭადრაკო ოსკარის მფლობელის მაია ჩიბურდანიძის საავტორო პროგრამით მიმდინარეობს.

ლეგენდა – მაია ჩიბურდანიძე დღეს თანამედროვე სივრცეში მის მიერ შექმნილი ჭადრაკის დანერგვაზე ოცნებობს.

„ჩემს სისტემაში თამაში საწყისი პოზიციიდან კი არ იწყება, არამედ, ფიგურები უკვე გადაადგილებულია, ფიქსირებული პოზიციაა და იქიდან აგრძელებ ასპარეზს. ეს სისტემა უფრო სტანდარტული ჭადრაკის რეგლამენტისთვის არის განკუთვნილი.

მოჭადრაკე გუშინ შემოქმედი იყო, დღეს კი ის ერთი ჩვეულებრივი მომხმარებელია. ჭადრაკი იყო შემოქმედება, ლოგიკა, იდეა, ფანტაზია დღეს ეს ყველაფერი უკვე ხელთ კომპიუტერმა იგდო და მოჭადრაკის ფუნქციაა დაიზეპიროს სვლები, რომლებიც მას ამა თუ იმ პოზიციის გათამაშების შემთხვევაში გამარჯვებამდე მიიყვანს“, – ამბობს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და იქვე დასძენს, რომ მისი სისტემის მთავარი მიზანია კომპიუტერმა ბატონის ფუნქცია დაკარგოს და საკუთარი შემოქმედებით შექმნილი პარტიის ბედ-იღბალი თავად მოჭადრაკემ გადაწყვიტოს.

„ეს იდეა იმ მძიმე და ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად დაიბადა, რაც ოლიმპიადებზე თამაშს მოაქვს, მაშინ ძალიან ხშირად ვოცნებობდი ნეტავი მომზადება არ იყოს საჭირო, მივიდე დაფასთან, დამხვდეს გამზადებული პოზიცია და ის ვითამაშო-მეთქი. იმ დროს ამ იდეაზე საუბარი წარმოუდგენელი იყო, დღეს კი ეს მიმართულება უკვე სხვა იმპულსია. ამ სისტემის დანერგვის შემდეგ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მწვრთნელი საკუთარ „მეს“ იბრუნებს და სწორედ ის ასწავლის მოჭადრაკეს ყველა პოზიციას.

მოჭადრაკე საკუთარ თავთან მუშაობას სწავლობს და რაც მთავარია ეს სისტემა სრულად ხსნის იმ მძიმე ფსიქოლოგიურ ფაქტორს, რაც ყველაზე დიდი დატვირთვის წინა მოსამზადებელი ეტაპის დროს იქმნება“.