გია გიორგაძე - 2021 ჭადრაკის დედოფლების წლად გამოვაცხადეთ  #1TVSPORT
გია გიორგაძე - 2021 ჭადრაკის დედოფლების წლად გამოვაცხადეთ #1TVSPORT

გადაცემა „ტაიმაუტს“ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სტუმრობდა. გია გიორგაძემ ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის სახელობის ტურნირების შესახებ ისაუბრა:

„2021 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ ჭადრაკის დედოფლების წელიწადად. 17 იანვარს მაია ჩიბურდანიძეს შეუსრულდა 60 წელი, 3 მაისს კი ნონა გაფრინდაშვილს შეუსრულდა 80 წელი. გვინდოდა, ამ თარიღებს უფრო გრანდიოზულად აღნიშვნა, მაგრამ პანდემიის გამო მოგვიწია კორექტირების შეტანა. ტურნირები მკაცრი რეგულაციების სრული დაცვით წარიმართა.

ორივე ქალბატონის სახელობის ტურნირი წარმატებით ჩავატარეთ. მონაწილეობდნენ საქართველოს ქალთა ვაჟთა ნაკრების წევრები, უმაღლესი ლიგის მოჭადრაკეები და გამორჩეული ახალგაზრდები, გვყავდა ორი სტუმარი უცხოეთიდან. იყო ძალიან საინტერესო პარტიები, რომელიც ონლაინ რეჟიმში გადაიცემოდა, რადგან მაყურებლის დასწრება კოვიდრეგულაციების გამო არ შეიძლებოდა“.

ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის სახელობის ტურნირები განსხვავებული წესებით ჩატარდა. თითუელ ტურნირზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები და აგრეთვე დაჯამდა ორივე ტურნირის საერთო შედეგი, რაც მოჭადრაკეებს ბოლომდე ბრძოლისთვის მეტ მოტივაციას აძლევდა. გია გიორგაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ტურნირები ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ახალი რეგლამენტის იდენტურად ჩატარდა, რათა ჩვენი ნაკრების წევრებს ადაპტაციის მეტი საშუალება მისცემოდათ.