„ტაიმაუტის“ 2023 წლის ნომინანტები - საუკეთესო ლაშა ტალახაძეა, ლეგენდების დარბაზი სამეულმა შეავსო, ხელბურთის ნაკრები წლის გარღვევად დასახელდა #1TVSPORT 
„ტაიმაუტის“ 2023 წლის ნომინანტები - საუკეთესო ლაშა ტალახაძეა, ლეგენდების დარბაზი სამეულმა შეავსო, ხელბურთის ნაკრები წლის გარღვევად დასახელდა #1TVSPORT 

წლის ბოლო „ტაიმაუტში“ გია თვალაბეიშვილმა, ქეთი ხატიაშვილმა და ვლადიმერ გუცაევმა 2023 წელს ქართულ სპორტში მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანიო მოვლენები გამორჩიეს და ტრადიციულ ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოეს.

გამარჯვებული 10 ნომინაციაში გამოავლინეს. ლაურეატების ნაწილი სტუდიაში ვერ ვიხილეთ და ვერც პირადად გადაეცათ კუთვნილი პრიზები, რადგან ისინი ახლაც ტურნირებისთვის ემზადებოდნენ და არყოფნის საპატიო მიზეზი ჰქონდათ.

სპორტის ლეგენდა – ალექსანდრე ჩივაძე (ფეხბურთი), ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი), მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)

ორი წლის წინ, „ტაიმაუტმა“ განსაკუთრებული ნომინაცია – წლის ლეგენდა დააწესა და ამ ნომინაციით, გადაცემის დიდების დარბაზი ყალიბდება. ამ ვირტუალურ დარბაზს სამი ახალი წევრი შეემატა. ისინი სპორტის სამ სხვადასხვა სახეობას წარმოადგენენ და ამ სახეობების მსოფლიო ლეგენდები არიან.

2023 წლის გამარჯვება – 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე

არჩევანი შეჩერდა არა კონკრეტულ სპორტსმენსა თუ გუნდზე, არამედ, სპორტის სახეობაზე. ასეთად სამართლიანად ჩაითვალა ქართული ძიუდოს წარმატება – ისტორიაში პირველად, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი შედგა. 90-კილოგრამამდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ლუკა მაისურაძე და ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ. პრიზი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, გიორგი ათაბეგაშვილს გადაეცა.

2023 წლის გარღვევა – ხელბურთის ნაკრები

2023 წელს ხელბურთის ნაკრები დაემატა სპორტის იმ გუნდური სახეობების სიას დაემატა (რაგბი, კალათბურთი, წყალბურთი), რომლებიც მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ტურნირზე გავიდა. სტუმრად უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ ისტორიული მატჩი ნამდვილი გარღვევა იყო, რომლის მოგების შემდეგაც ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

სტუდიაში ვერ მოვიდნენ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტიტე კალანდაძე და მოთამაშეები, რადგან გუნდმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო და ჯილდო საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვახტანგ მეიფარიანმა ჩაიბარა.

2023 წლის აღიარება – სანდრო ბაზაძე

ნომინაციაში „წლის აღიარება“ სანდო ბაზაძემ გაიმარჯვა, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2023 წლის საუკეთესო მოფარიკავედ დაასახელა – სანდროს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა: გახდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონი, ხოლო წელი რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსით დაასრულა.

2023 წლის ლეგიონერი – ხვიჩა კვარაცხელია

წლის დაჯილდოება ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე წარმოუდგენელია, რომელმაც წლის ლეგიონერის ნომინაციაში გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავი სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ახალგაზრდა მოთამაშე და წლის გოლის ავტორი გახდა, ხოლო უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის წლის ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარა.

ამავე დროს, ხვიჩა სადებიუტო წელს იტალიის ჩემპიონი გახდა, „ოქროს ბურთისა“ და ფიფა-ს ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციებზე ფინალისტებს შორის მოხვდა.

2023 წლის მწვრთნელი- რამაზ სვანაძე, ლადო კილასონია

ნომინაციას ორი გამარჯვებული ჰყავს. საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე და რაგბიში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია.

21-წლამდე ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშეს, „სიკვდილის“ ჯგუფიდან მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ და ნახევარფინალში გასასვლელად და ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად ერთი ნაბიჯი დააკლდათ. ამის შემდეგ, მთლიანად გადახალისებული საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლშიც ერთ-ერთი ლიდერია. ეს კი რამაზ სვანაძის დამსახურებაა.

რაგბიში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველად შეაღწია მსოფლიოს 20 წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის პირველ რვა გუნდში. ეს გუნდი ლადო კილასონიას გაწვრთნილია, რომელიც წლის მწვრთნელის ნომინაციის ერთ-ერთი გამარჯვებული დამსახურებულად გახდა.

2023 წლის გუნდი – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ფეხბურთში

21-წლამდელთა ევრო 2023-ზე რამაზ სვანაძის გუნდმა შეძლო ურთულესი ჯგუფიდან გასვლა, სადაც პორტუგალია, ბელგია და ნიდერლანდები თამაშობდნენ. საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა და „დინამო არენაზე“ ტრიბუნების შევსებით ტურნირის დასწრების რეკორდი მოხსნა. სვანაძის გუნდი წარმატებით თამაშობს ახალ შესარჩევ ციკლშიც და ევრო 2025-ზე გასვლის რეალური შანსი აქვს. ჯილდო გიორგი გაგუამ, საბა მამაცაშვილმა და გიორგი გულიაშვილმა ჩაიბარეს.

2023 წლის ახალგაზრდა – ანასტასია კირთაძე

მოჭადრაკე ანასტასია კირთაძისთვის წელი ძალიან წარმატებული გამოდგა – გახდა 15 წლამდე მოჭადრაკეებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, იგივე ტიტული 14-წლამდელებში სწრაფ ჭადრაკში მოიპოვა, ხოლო საქართველოში 15-წლამდელებში გაიმარჯვა. მან ჯილდო „წლის საუკეთესო ახალგაზრდა“ სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

2023 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ანა კალანდაძე

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი პოლონეთის ფრენბურთის კლუბის „დოლინა ჟეშუვის“ ქართველი ლეგიონერი ანა კალანდაძე გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და ამ ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – აქ სათქმელი და დასამატებელი არაფერია.

2023 წლის საუკეთესო სპორტსმენი კაცი – ლაშა ტალახაძე

ზედიზედ ექვსი წელია, ლაშა ტალახაძე ძალოსნობაში დუბლს ასრულებს – ერთად იგებს ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებს. ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ტრადიცია „ტაიმაუტმაც“ გააგრძელა – ძალოსნობის ქართველი ლეგენდა წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენია.