საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ათენში, „სუნელ არენაზე“ პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენში პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
თბილისში გამართული ხუთდღიანი შეკრების შემდეგ საქართველოს ნაკრები საბერძნეთში 22 ნოემბერს გაემგზავრა. გუნდს ლეგიონერები – მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია შეუერთდნენ. ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კი ათენში დუბაიდან, უშუალოდ მატჩის დღეს, 26 ნოემბერს ჩავა.
საქართველოს ნაკრები 24 ნოემბერსაც „სუნელ არენაზე“ ივარჯიშებს, 25 ნოემბერს კი „ოაკას“ დარბაზში გადაინაცვლებს, სადაც საბერძნეთის წინააღმდეგ შეხვედრას ჩაატარებს.
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის I ჯგუფში რვა ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ხუთი გამარჯვებითა და სამი მარცხით მესამე ადგილზეა. ჯგუფს ექვსი მოგებით უკრაინა ლიდერობს, მეორე პოზიციაზე ესპანეთია, რომელსაც საქართველოს მსგავსად ხუთი გამარჯვება აქვს. საბერძნეთს, პორტუგალიასა და მონტენეგროს კი ოთხ-ოთხი მოგება აქვთ.
მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. საქართველოს ნაკრებს ოთხი შეხვედრა დარჩა და მიზნის მისაღწევად სულ მცირე ორი გამარჯვება სჭირდება.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი 26 ნოემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე, საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 29 ნოემბერს თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.