მაია ბითაძე - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არათუ უსმენს „ქართული ოცნება“ მოსახლეობას, არამედ ხდება უპრეცედენტო ჩართულობა
მაია ბითაძე - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არათუ უსმენს „ქართული ოცნება“ მოსახლეობას, არამედ ხდება უპრეცედენტო ჩართულობა

სისტემა, რომელმაც წლების განმავლობაში დერეგულაცია მოუწყო და დაჩეხა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, ნამდვილად გადაიჩეხებოდა, რომ არა „ქართული ოცნება“ და რეფორმები, რომლებიც 2012 წლიდან გაკეთდა, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სისტემაში წლების განმავლობაში ბევრი მავნე სამართლებრივი ცვლილება უნახავს.

„დღეს ძალიან ბევრი სადღეგრძელო მოვისმინეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ სისტემაში, მათ შორის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დერეგულაციას უწყობდნენ ხელს. მინდა, გავიხსენო ჩვენი კოლეგების წინასაარჩევნო პროგრამები. იქნებ, ვერ ვიპოვე და სადმე წერია რაიმე გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესებაზე. იქნებ, ვერ ვნახე, სად წერია საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის ამაღლება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სად წერია რაიმე კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე. სისტემა, რომელმაც წლების განმავლობაში დერეგულაცია მოუწყო და დაჩეხა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, ნამდვილად გადაიჩეხებოდა, რომ არა „ქართული ოცნება“ და რეფორმები, რომლებიც 2012 წლიდან გაკეთდა. ამ სისტემაში ძალიან დიდი ხანია, ვარ და ბევრი მავნე სამართლებრივი ცვლილების მომსწრე ვარ, რომელიც 2012 წლამდე ხორციელდებოდა. როდესაც პირდაპირ ხდებოდა ჰესების გახსნა, არათუ მშენებლობის დაანონსება ისე, რომ არც გარემოს ზემოქმედების შეფასება იყო მომზადებული და არც მშენებლობის ნებართვა იყო გაცემული“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ამასთან, პლენარულ სხდომაზე საუბრისას მაია ბითაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, კომიტეტის სხდომებს დაესწრონ და გარემოსდაცვითი კუთხით რეფორმების განხორციელებაში მონაწილეობა მიიღონ.

„რატომ არ ამბობს არც ერთი ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენელი, რომ მოდით, არ ავაშენოთ ჰესები. იცით რატომ? იმიტომ, რომ ააშენებდით უფრო მეტს და ააშენებდით ისე, რომ არც ერთი ადგილობრივი მოსახლეობა არ იქნებოდა ჩართული. თუ „ნამახვანჰესზე“ ვსაუბრობთ, „ნამახვანჰესზე“ საჯარო განხილვები 2015 წლიდან მიმდინარეობს. როდესაც მართლა სადღეგრძელოებს ვყვებით, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან ამბობენ, რომ კომიტეტის სხდომებს ვუყურეთ ტელევიზიით ან რადიოთი ვუსმინეთო, მეგობრებო, კომიტეტის სხდომებს უნდა დაესწროთ და უნდა მიიღოთ მონაწილეობა იმაში, რასაც სამართლებრივი რეფორმები ჰქვია.

ექვსი ახალი კანონია მიღებული გარემოსდაცვითი კუთხით მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არათუ უსმენს „ქართული ოცნება“ მოსახლეობას, არამედ კანონმდებლობით განსაზღვრული სავალდებულო არაერთი საჯარო განხილვისა და მოსახლეობის დაახლოებით 30-მილიონიანი კომპენსაციის შემდგომ, ტარდება უპრეცედენტო ჩართულობა, რასაც ვერ მომიყვანთ ვერც ევროკავშირში და ვერც ევროსაბჭოს ფარგლებში, რომ მსგავსი ასე ვთქვათ, უკვე მომზადებული გარემოს ზემოქმედების დოკუმენტების გადამოწმება ხდებოდეს. ასეთი რამ არ ხდება არც ევროპაში“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ბითაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სტრატეგიული გარემოზე ზემოქმედების შეფასება შემოიტანა კანონმდებლობაში და გენერალური გეგმების მომზადება დაიწყო.

მაია ბითაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ვაშაძის საპასუხოდ განაცხადა, რომ  2012 წლამდე ჭიათურაში რეკულტივირებული მიწის ფართობი არ არსებობდა.

„ჭიათურაზეც მოგახსენებთ ბატონო გიორგი, მესმის რომ მაღალი ხმის ტემბრი გაქვთ, ემოციურად საუბარი გჩვევიათ, ძალიან კარგად მახსოვს თბილისის გენერალური გეგმის განხილვაზე თქვენი ასე ვთქვათ, ბრჭყალებში კონცერტები. უბრალოდ, მიზანი რა იყო ვერ მივხვდი. გენერალური გეგმა, რომელმაც კოეფიციენტები აკრძალა, თბილისში ზონები შექმნა და რომელმაც აი, ამ ქაოტურ ქალაქში, სადაც კოეფიციენტები იყიდებოდა და არანაირ შუქის სხივზე, ინფრასტრუქტურაზე საუბარი არ იყო, საფუძველი დაუდო, რომ როგორმე ქალაქი გამოსწორდეს. გომის მთა ნადგურდებაო და ბახმარო იქნა ნახსენები. „ქართული ოცნებაა“, რომელმაც სტრატეგიული გარემოზე ზემოქმედების შეფასება შემოიტანა კანონმდებლობაში და გენერალური გეგმების მომზადება დაიწყო. ეს შესაძლოა, არაპოპულარული ნაბიჯი იყოს მოსახლეობისთვის, მაგრამ აუცილებელია მოსახლეობის​ ქონების კაპიტალიზაციისთვის, იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარდეს და ჩვენი გარემო მომავალს შევუნახოთ.

ბატონო გიორგი, იცით 2012 წლამდე რამდენი მიწა იყო რეკულტივირებული ჭიათურაში? – ნული. იცით, რამდენია გადათხრილი? ძალიან ბევრი. 16 ათასი ჰექტარი არის გაცემული სალიცენზიო ფართობად. მოსახლეობის სახლების ქვემოთ არის მიწები გაცემული სალიცენზიო ფართობად. შეგახსენებთ, 2017 წლიდან, კანონმდებლობით რეაბილიტაციის მმართველი არ არსებობს, დროებითი მმართველია შეყვანილი, რომელმაც 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. არა ვარ კმაყოფილი დროებითი მმართველის საქმიანობით და ეს კომიტეტის სხდომაზეც დავაფიქსირე, მოვთხოვეთ, უფრო ეფექტიანად განახორციელოს საქმიანობა შემდეგი წლების განმავლობაში. 504 ჰექტარია უკვე რეაბილიტირებული და რეკულტივირებული, მათ შორის მოსახლეობის საცხოვრებლების ქვემოთ. მაგრამ აქ კიდევ არის სხვა თემა, რომლებსაც თქვენ საერთოდ არ ეხებით და საარჩევნო პროგრამაში არსად არ მინახავს, ვიზრუნოთ ჭიათურის მდინარეებზე, ჰაერზე. ბოლნისი და „არემჯი“ ვახსენეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში იქ იმდენი რამ გაკეთდა, რაც არასდროს არავის წარმოედგინა. ეს იყო სახელმწიფოს ნება, რადგან სახელმწიფომ მოთხოვა და არ მოიქცა ისე, როგორც ხდებოდა კობა ნაყოფიას მმართველობის დროს. შესაბამისად, მოგიწოდებთ, მობრძანდით ჩვენს გარემოსდაცვით კლანში, გაერთიანდით ჩემს კომიტეტში და ჩემთან ერთად იზრუნეთ, რომ ხუთი ძალიან მძიმე კანონი გვაქვს მისაღები“, – განაცხადა მაია ბითაძემ.