მაია ბითაძე - განახლებული გენერალური გეგმის პროექტში, ნათლად ჩანს, რომ თბილისში რეკრეაციული ტერიტორიების რაოდენობა გაზრდილია
მაია ბითაძე - განახლებული გენერალური გეგმის პროექტში, ნათლად ჩანს, რომ თბილისში რეკრეაციული ტერიტორიების რაოდენობა გაზრდილია

უკვე საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არითმეტიკასთან აქვთ პრობლემა, რადგან ციფრები, რომლებიც მოცემულია განახლებული გენერალური გეგმის პროექტში, ნათლად ჩანს, რომ რეკრეაციული ტერიტორიებისა და არასამშენებლო ტერიტორიების რაოდენობა თბილისის მასშტაბით ძალიან არის გაზრდილი, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გენგეგმის მიხედვით, გამწვანებული ტერიტორიების რაოდენობა მცირდება.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი დოკუმენტით რეკრეაციული და არასამშენებლო ტერიტორიების რაოდენობა გაზრდილია და ექვსი მლნ. კვ.მ სამშენებლო ტერიტორიიდან გადაყვანილია არასამშენებლო ტერიტორიაში. ბითაძემ დიღმის ტყე-პარკი ამის მაგალითად მოიყვანა.

„მინდა, გამოვეხმაურო დიღმის ტყე-პარკის საკითხს და ხაზგასმით ვთქვა, რომ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია 7 ჰა-მდე იზრდება და აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება კერძო მესაკუთრეებთან ტერიტორიის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, როდესაც აპელირება ხდება 2006 წლის საკრებულოს გადაწყვეტილებაზე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იმას უნდა გაუსვან ხაზი, რომ 2011 წელს სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეეცვალა იმ ტერიტორიას სტატუსი, სადაც დღეს „კია მოტორსის“ ცენტრია განთავსებული და აშენდა აბსოლუტურად შეუსაბამო ნაგებობა ტყე-პარკისთვის, გაიჩეხა ნარგავები.

ხოლო დღეს ამ ადგილას იგეგმება ორანჟერეასა და საგამოფენო ცენტრის მოწყობა, რომელიც აბსოლუტურად შეერწყმის იმ დიღმის ტყე-პარკის ეკოსისტემის ნაწილს, რომელიც 7 ჰა – ით არის გათვლილი. დოკუმენტი ცოცხალი დოკუმენტია და ჩვენ როდესაც წარმოვადგინეთ, იმას გაესვა ხაზი, რომ შეიძლება იყოს რაღაც უზუსტობები და ზუსტად იმიტომ მიმდინარეობს ამდენი განხილვა საკრებულოში, რომ იქ სადაც უზუსტობები იქნება აღმოჩენილი, აუცილებლად დაკორექტირდება, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად უკვე წარმოდგენილი დოკუმენტით რეკრეაციული და არა სამშენებლო ტერიტორიების რაოდენობა, ძალიან გაზრდილია, 6 მლნ კვმ სამშენებლო ტერიტორიიდან გადაყვანილია არასამშენებლო ტერიტორიაში“, – განაცხადა ბითაძემ.

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე გენგეგმის განხილვა მიმდინარეობს.