მაია ბითაძე - დავიწყეთ სხვადასხვა მოწყობილობის შეძენა, რომლითაც ვცდილობთ, შევქმნათ წინასწარი გაფრთხილების სისტემა, 2025 წლამდე გარემოს კვლევითი სადგურები პრაქტიკულად გაორმაგდება
მაია ბითაძე - დავიწყეთ სხვადასხვა მოწყობილობის შეძენა, რომლითაც ვცდილობთ, შევქმნათ წინასწარი გაფრთხილების სისტემა, 2025 წლამდე გარემოს კვლევითი სადგურები პრაქტიკულად გაორმაგდება

გარემოს დაცვის სისტემის ხელახალი აშენება 2014 წლიდან ნელ-ნელა დავიწყეთ, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„პარალელურად, ამას თან სდევდა კადრების გაზრდა, მოზიდვა, დაინტერესება და ტექნიკური საშუალებების შეძენა, რათა ამ სფეროში კვლევის კომპონენტი გაჩენილიყო. შემიძლია ვთქვა, რომ გზა, რომელსაც ახლა ვადგავართ, არის გზა, რომელიც უფრო მანამდე უნდა გაგვევლო, მაგრამ მანამდე ეს დაანგრია საქართველომ“, – განაცხადა ბითაძემ.

ამასთან, ბითაძემ აღნიშნა, რომ იქმნება წინასწარი გაფრთხილების სისტემა, რითაც გარემოზე დაკვირვება ხდება.

„ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა მოწყობილობის შეძენა, როგორც სტაციონარულის, ასევე მობილური ტექნიკური საშუალებების, რომლითაც დღეს უკვე ვცდილობთ, შევქმნათ წინასწარი გაფრთხილების სისტემა. წინასწარი გაფრთხილების სისტემით ვახდენთ გარემოზე დაკვირვებას. ეს თავის თავში მოიცავს ძალიან ბევრ კომპონენტს. ეს არის ჰიდროლოგია, მეტეოროლოგია, გეოლოგია… ანუ ყველა ის მონაცემი, რომლის გაანალიზება ხდება სხვადასხვა აპარატურის გამოყენებით. აპარატურა მოიცავს წყალმზომებს, რადარებს, რომლებიც ქვეყანაში საერთოდ არ გვქონდა, დღეს კი გვაქვს ორი ტექნიკურად გამართული რადარი და ეს რადარები მეტეოროლოგიური მონაცემების პროგნოზს აკეთებს. გარდა ამისა, არის წყალმზომები მდინარეებზე, ჰაერის კონტროლის ნაწილი და ა.შ. ყველა მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და შეიძლება ითქვას, ჩვენ გავლილი გვაქვს აპარატურის ინსტალაციის დაახლოებით, 60-70%. 2025 წლამდე პრაქტიკულად გაორმაგდება გარემოს ყველა კომპონენტის მიმართულებით კვლევითი სადგურები“, – განაცხადა ბითაძემ.

ბითაძემ ასევე განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას თუ შევადარებთ, აქ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მიმართულება არის გარემოს დაცვის სფერო და კლიმატის ცვლილება.

„აქ ჩვენ გვაქვს ორი დიდი თავი, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და დღევანდელი მოცემულობით, ორასამდე სამართლებრივი აქტი გვაქვს შეცვლილი. არ ვგულისხმობ კანონქვემდებარე აქტებს და სხვა კანონებს, რომლებშიც თანმდევი ცვლილებებია. მიღებული გვაქვს 11 საერთოდ ახალი კანონი, რომლის მსგავსსაც საქართველო საერთოდ არ იცნობდა და შვიდი გვაქვს მისაღები“, – განაცხადა ბითაძემ.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ, ბუნებრივი პროცესების გააქტიურების კუთხით, წელს იყო ყველაზე მძიმე წელიწადი, განსაკუთრებით, ზაფხული.

„მოლოდინები, რაც წლების განმავლობაში კლიმატის ცვლილების გააქტიურების მიმართ გვქონდა, შეიძლება ითქვას, პროცესები დაჩქარდა. ბუნებრივია, ეს, ერთი მხრივ, ასე ვთქვათ, ბუნების ბრალია და, მეორე მხრივ, ინდუსტრიალიზაცია, გარემოზე ზემოქმედება ამ პროცესების გააქტიურებას იწვევს“, – განაცხადა ბითაძემ.

მისი თქმით, მოვლენები, რაც საქართველოში მოხდა, სამწუხაროდ, გარდაუვალი იქნება როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის, იქნება ეს კლდე-ზვავი, წყალმოვარდნები თუ ა.შ.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ რა ვისწავლეთ, და მე ვიტყოდი, ჩვენ დღეს და გუშინ არ გვისწავლია. თვალს თუ გადავავლებთ ცნობიერებას გარემოს დაცვის, რესურსების მართვის კუთხით, რა იყო 10 და 15 წლის წინ, რა არის დღეს და როგორია საზოგადოების მოთხოვნა და, მათ შორის, ხელისუფლების დამოკიდებულება გარემოსადმი, აქ არის რადიკალური სხვაობა. უბრალოდ, ჩვენ გვიწევს რადიკალურად სწრაფად ადაპტაცია იმ ცვლილებებთან, რომელიც ბუნებიდან, გარემოდან მოდის და რომელზეც, მეორე მხრივ, ადამიანი გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს“, – განაცხადა ბითაძემ.

მაია ბითაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო ადგას გზას, რომელიც არის ძალიან სწორი და ეს გზა ევროკავშირის სახელმწიფოებმაც გაიარეს.