მადრიდის ”ატლეტიკოს” გაზრდილი ქართველი პოლონეთის ექსტრაკლასაში ითამაშებს
ბათუმის ”დინამოსა” და საქართველოს 20-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ნიკა კვანტალიანი პოლონეთის ექსტრაკლასას ნეცეჩას “ტერმალიკა ნიცეჩაში” ჩაირიცხა – 19 წლის ქართველმა კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კვანტალიანს უთამაშია საქართველოს 17, 18 და 19 წლამდელთა ნაკრებებში, ამჟამად 20-წლამდელების წევრია. კვანტალიანს საინტერესო ისტორია აქვს – 11 წლის ასაკში “ბარსელონას” მოეწონა და ორკვირიან სტაჟირებაზე მიიწვია, შედეგ კი მადრიდის “ატლეტიკოს” აკადემიაში ვარჯიშობდა. საქართველოში 2015 წლიდან არის და ბათუმის “დინამოში” თამაშობდა.
არანაკლებ საინტერესოა მისი ახალი პოლონური კლუბის ისტორია – “ტერმალიკა ნიცეჩა” 728-კაციანი სოფლის, ნეცეჩას გუნდია. სოფლის მაცხოვრებლების ოცნებაა, რომ გერმანული “ჰოფენჰაიმის” გზა გაიარონ, რომელიც სამიათასიანი სოფელია და ბუნდესლიგაში ადგილი დაიმკვიდრა.
“ტერმალიკა ნიცეჩა” ცემენტის ქარხნის მფლობელმა ბიზნესმენმა კრიშტოფ ვიტკოვსკიმ დააფინანსა, გუნდს კი მისი მეუღლე, დანუტა ვიტკოვსკაია განაგებს. ისინი ამბობენ, რომ გუნდი სოფლისა და მთელი პოლონეთის სიამაყეა.