დიეგო სიმეონე მადრიდის „ატლეტიკოში“ 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკოს“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ კლუბთან ახალი ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისის ჩათვლით გააფორმა.
სიმეონე „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან წვრთნის, ამ დროის მანძილზე მან გუნდი მოედანზე 642-ჯერ (ყველაზე მეტი კლუბის ისტორიაში) გაიყვანა და რვა ტიტული მოიგო.
სიმეონემ მადრიდული გუნდი ლა ლიგის ჩემპიონი 2014 და 2021 წლებში გახადა. 2013 წელს, „ატლეტიკომ“ მისი ხელმძღვანელობით, კოპა დელ რეი მოიგო, 2012 და 2018 წლებში – ევროპის ლიგა, 2014 წელს – ესპანეთის სუპერ თასი, ხოლო 2012 და 2018 წლებში – უეფა-ს სუპერ თასი.
მადრიდულმა კლუბმა სიმეონესთან ერთად ორჯერ ითამაშა (2014, 2016) ჩემპიონთა ლიგის ფინალში, თუმცა ორივეჯერ მადრიდის „რეალთან“ წააგო.