ეკა გიგაური - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ უნდა აიღონ
ეკა გიგაური - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ უნდა აიღონ

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელება პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომელიც პრეზიდენტთან დღეს გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობდა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ადამიანზე, რომელიც პარლამენტში იქნება წარდგენილი.

„ის პოზიცია დავასახელეთ, რაც აქამდე გვქონდა. ჩვენ პროცესის მონიტორინგს ვაწარმოებთ და შესაბამისად, კონკრეტულ კანდიდატურას ვერ დავასახელებთ. ასევე იმიტომაც, რომ ეს არის კონკრეტულად პრეზიდენტის პასუხისმგებლობა. მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ადამიანზე, რომელიც პარლამენტში იქნება წარდგენილი. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ გაითვალისწინოს, რომ ეს უნიკალური შანსია, შეირჩეს ისეთი ადამიანი, რომელიც სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ პრობლემებს მოაგვარებს“, – განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, მოვლენები ისე ვითარდება, რომ ჩანს, მხარეებს ეს გააზრებული არ აქვთ.

„თუ შესაბამისი კანდიდატურა ვერ შეირჩევა, ძალიან დიდ შანსს დავკარგავთ, რომ პრობლემები მოვაგვაროთ, რომელიც სასამართლოში გვაქვს და ეს საზოგადოების წინაშე მართლაც ძალიან დიდი დანაშაულის ტოლფასი იქნება“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი კონკრეტულ კანდიდატს შეარჩევს და სამოქალაქო სექტორს მასთან დაკავშირებით აზრს ჰკითხავს, არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან, თავიანთი შეფასება მიაწოდონ.

„პრეზიდენტისთვის უარი არავის უთქვამს იმაში, რომ თუ იგი ვინმეს შეარჩევს და კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით აზრს გვკითხავს, მას ამ კანდიდატზე ჩვენი შეფასება მივაწოდოთ. ამაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარია იმაზე, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და კონკრეტულად, პრეზიდენტმა უნდა აიღოს. დროც არ არის, რომ გრძელვადიანი პროცესი შევქმნათ და საბოლოოდ, ამ ყველაფერში სამოქალაქო სექტორი შემოვიდეს, რომელმაც თავიდანვე განაცხადა, რომ იგი ამ პროცესის მონიტორინგს განახორციელებდა“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.

მისი თქმით, გაუგებარია, პრეზიდენტს როგორ სურდა კონსულტაციებში სამოქალაქო სექტორის ჩართვა.

„ჩვენ არაფერზე შევთანხმებულვართ. პრეზიდენტმა თქვა, რომ შეთანხმება ვერ შედგა. თუმცა კონკრეტული ფორმატით ვერ გავიგეთ ამ კონსულტაციებში ჩვენი ჩართვა როგორ უნდოდა. საუბარი ყველაფერზე ძალიან ზოგადად იყო. რაც მოვისმინე, იმ ყველაფრიდან გამოჩნდა, რომ ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს პრეზიდენტს აქვს, მან ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროს. პასუხისმგებლობა პარლამენტზეცაა, თუ ის პრეზიდენტის მიერ წადრგენილ კანდიდატს არ დაეთანხმება“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატის შესარჩევად მიმდინარე კონსულტაციების შეჯამების მიზნით დღეს შეხვედრა გამართა. როგორ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, რომ დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციები დაიწყო.