ირაკლი კობახიძე - ეკა გიგაურსა და ნინო ლომჯარიას მოაკლდებათ თუ არა თანხები, ამას ქართული საზოგადოება ვერ იდარდებს
ირაკლი კობახიძე - ეკა გიგაურსა და ნინო ლომჯარიას მოაკლდებათ თუ არა თანხები, ამას ქართული საზოგადოება ვერ იდარდებს

ფინანსური დახმარების შეჩერების ენით საუბარი ქართულ საზოგადოებასთან არასწორია, მაგრამ ეს არის ყველაზე არასწორი მუქარა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ თანხების უდიდესი ნაწილი, საბოლოო ჯამში, ხმარდება იმ ინტერესებს, რომლებიც მეტწილად დაკავშირებული არის სწორედ უცხოურ ძალასთან, ეს თამამად შეიძლება ითქვას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში 14 სენატორის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აქედან გამომდინარე, ეს კონკრეტული საკითხი ნამდვილად არ არის შანტაჟის საფუძველი.

„მაგალითად, ეკა გიგაურსა და ნინო ლომჯარიას მოაკლდებათ თუ არა თანხები, ამას ქართული საზოგადოება, რა თქმა უნდა, ვერ იდარდებს. ეს არ არის საინტერესო არც ქართული საზოგადოებისთვის და არც საქართველოს ხელისუფლებისთვის. როდესაც საუბარია დაფინანსებაზე, დახმარებასა და ა.შ. ჩვენ რომ გვქონოდა მშვიდ ვითარებაში ქვეყანაზე ზრუნვის საშუალება და რომ არ ყოფილიყო ეს არც თუ ისე მცირე ტურბულენტობები ამ წლების განმავლობაში, მაგალითად, საქართველოს ეკონომიკა, 30 მლრდ დოლარის მაგივრად, იქნებოდა, მინიმუმ, 35 მლრდ დოლარი. ამაზე ეკონომისტებსაც შეგვიძლია, დავუსვათ კითხვა, რა გავლენას ახდენს ასეთი ტიპის ტურბულენტობები ეკონომიკის წინსვლაზე. გვექნებოდა პლუს ხუთი მლრდ დოლარი ეკონომიკაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად ქვეყანას ექნებოდა პლუს, დაახლოებით, ერთი მლრდ დოლარი. როდესაც ასეთ დროს ხდება რამდენიმე ათეული მილიონის დამადლება, რომელიც არც ვიცით, რაზე იხარჯება, უბრალოდ არასწორია. რა თქმა უნდა, თუ რამე ხმარდება კარგ საქმეს, ყველაფრისთვის ვართ ძალიან მადლობელი, თუმცა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რაზე რა თანხები იხარჯება“, – განაცხადა პრემიერმა.